ამერიკული გამოცემა Axios საკითხზე ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მომდევნო დღეებში ამერიკელი, უკრაინელი და რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების დეტალურ წინადადებაზე იმუშავებენ, რაც დიდი ალბათობით, აშშ-ს საჰაერო მხარდაჭერასაც მოიცავს.
წყაროების თქმით, უსაფრთხოების გარანტიებზე წინადადების მოსამზადებლად ამერიკულ-ევროპულ-უკრაინული კომისია შეიქმნა, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს და მასში უკრაინიდან და ევროპის ქვეყნებიდან ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
"მომდევნო დღეებში, გათენებიდან დაღამებამდე, ყველა უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშავებს. შესაძლოა, კვირის ბოლოსკენ მკაფიო არქიტექტურაც გვქონდეს," განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.
ამავდროულად, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox & Friends-თან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-მ შესაძლოა, უსაფრთხოების გარანტიის სახით, უკრაინაში გაგზავნილ ევროპულ ძალებს საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს, თუმცა, მან ადგილზე ამერიკელი სამხედროების განლაგება გამორიცხა.
თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის მეორე დღეს ტრამპმა Fox-ს განუცხადა, რომ აშშ-ს ძალებმა შესაძლოა, დახმარება გაუწიონ უკრაინის მოკავშირეებს სამომავლოდ რუსეთის თავდასხმის აღკვეთაში.
"რაც შეეხება უსაფრთხოებას, [ევროპელები] მზად არიან ადგილზე ადამიანები გაგზავნონ," აღნიშნა ტრამპმა.
"ჩვენ მზად ვართ, ამ კუთხით მათ დავეხმაროთ, განსაკუთრებით, სავარაუდოდ ვსაუბრობ საჰაერო ნაწილზე, რადგან არავის გააჩნია ის, რაც ჩვენ გვაქვს," დაამატა მან.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, პუტინი დათანხმდება უკრაინისთვის ამერიკულ-ევროპულ უსაფრთხოების გარანტიებს, "მაგრამ ამას მომდევნო რამდენიმე კვირაში გავიგებთ," თქვა მან.
თუმცა, რუსეთი დიდი ხანია, რაც უკრაინის ტერიტორიაზე მსგავს ინიციატივებს ეწინააღმდეგება. 18 აგვისტოს თეთრ სახლში მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "კატეგორიულად" ეწინააღმდეგება უკრაინის შიგნით "NATO-ს ქვეყნების ჩართულობით სამხედრო კონტინგენტის" განლაგების შესაძლებლობას.
ამასთან, Axios წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ალასკაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ვლადიმირ პუტინმა მზადყოფნა გამოხატა უსაფრთხოების გარანტიების საკითხის განხილვის მიმართ, თუმცა მან ერთ-ერთ პოტენციურ გარანტორად ჩინეთი დაასახელა.
ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპი ევროპელ ლიდერებთან შეთანხმდა, რომ უკრაინისთვის "მეხუთე მუხლის მსგავს" უსაფრთხოების გარანტიებზე ერთად იმუშავებდნენ. ცნობისთვის, NATO-ს მეხუთე მუხლი ალიანსის წევრი ქვეყნების კოლექტიური თავდაცვის პრინციპს ეხება.
ამას გარდა, აშშ-ს პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ამერიკელ სამხედროებს უკრაინაში "საზღვრის დასაცავად" არ განალაგებს.
გამოცემის ინფორმაციით, კიდევ ერთი საკითხი, რაც თეთრ სახლში ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად განიხილა ტერიტორიული დათმობები იყო. უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, ზელენსკიმ თქვა, რომ ტერიტორიული საკითხების განსახილველად მზადაა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ამაზე მოლაპარაკებებს პუტინთან პირისპირ გამართავს.
Axios-ის მიხედვით, დარეკვის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა პუტინს უთხრა, რომ ტერიტორიული მოთხოვნების განსახილველად მას ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა მოუწევს და რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, რომ "რეალისტური" იყოს.





