თეთრმა სახლმა 14 აგვისტოს განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ვლადიმირ პუტინს შორის ისტორიული სამიტი ალასკის ქალაქ ანკორიჯში ადგილობრივი დროით 11:00 საათზე (თბილისის დროით 23:00 საათზე) დაიწყება.
კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ სამიტი, სულ მცირე, 6-7 საათს გაგრძელდება. თუმცა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 აგვისტოს თქვა, რომ სამიტის დაწყების პირველ წუთებშივე ეცოდინება, "კარგი შეხვედრა იქნება თუ - ცუდი" და მიანიშნა, რომ ამ უკანასკნელის შემთხვევაში პუტინთან მოლაპარაკებები "ძალზე სწრაფად" დასრულდება.
სამიტის ბოლოს, სადაც ქვეყნების ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომზე ილაპარაკებენ, ასევე შესაძლებელია, რომ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართონ, თუმცა ამჯერად ეს არ იგეგმება.
"ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ერთობლივ და შემდგომ ცალკეულ პრესკონფერენციებს გავმართავთ, ან შეხვედრა ცუდად დამთავრდება, მე მხოლოდ პრესკონფერენცია მექნება და წავალ." - განუცხადა ტრამპმა Fox Radio-ს.
უკრაინის პრეზიდენტი სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ შეხვედრის დასრულებისთანავე "პატივისცემიდან გამომდინარე" ჯერ ზელენსკის დაურეკავს, შემდეგ კი - ევროპელ ლიდერებს.
ტრამპმა სამიტის წინა დღეს აღნიშნა, რომ მისი აზრით, პუტინს შეთანხმების მიღწევა სურს, თუმცა, თეთრმა სახლმა ბოლო დღეებში მოლოდინების მართვა სცადა შეხვედრაზე მნიშვნელოვანი გარღვევის მიღწევასთან დაკავშირებით და სამიტს "მოსმენის სავარჯიშო" უწოდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა, რომ პუტინი "ძალზე მძიმე ეკონომიკური შედეგების" წინაშე აღმოჩნდება, თუკი ის ალასკაში გამართული შეხვედრის შემდეგ ომის გაგრძელებას გადაწყვეტს.
ტრამპმა ასევე არ გამორიცხა აშშ-ს მიერ, ევროპულ და სხვა სახელმწიფოებთან ერთად, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფა, თუმცა განმარტა, რომ ეს "NATO-ს სახით" არ მოხდება.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის პუტინთან ტერიტორიულ საკითხებს, ტრამპმა უპასუხა, რომ "განიხილება, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალება უკრაინას უნდა მივცე." ტრამპი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით უკრაინა "სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს."
ამას გარდა, ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინის აზრით, უკრაინის წინააღმდეგ იერიშების გაგრძელება რუსეთს უკეთესი შეთანხმების მიღწევაში ეხმარება, თუმცა, ტრამპის თქმით, "რეალურად ეს მას [პუტინს] აზიანებს."
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პუტინს სამიტზე მრავალი "რუსი ბიზნესმენი" მოჰყავს, თუმცა მან დაამატა, რომ "ისინი ბიზნესის კეთებას ვერ დაიწყებენ, სანამ ომი არ დასრულდება."
მანამდე NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ CBS News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ალასკაში დაგეგმილი შეხვედრა პუტინისთვის "გამოცდა" იქნება.
პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მისი საბოლოო მიზანია, პუტინი და ზელენსკი ერთ ოთახში შეახვედროს და მათ შორის არსებული უთანხმოებები აღმოფხვრას. ტრამპის თქმით, "უფრო მნიშვნელოვანი" მეორე შეხვედრა იქნება, რომელიც მისი თანდასწრებით, პუტინს, ზელენსკისა და შესაძლოა, რომელიმე ევროპელ ლიდერს შორის გაიმართოს.
13 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტი ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა, რის შემდეგაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ X-ზე დაწერა, რომ ტრამპი შეხვედრაზე პუტინისგან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს, ხოლო ტერიტორიულ საკითხებზე მხოლოდ ზელენსკის თანდასწრებით მოილაპარაკებს.
"ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ პუტინისგან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს, რომ ტერიტორიულ საკითხებზე მოლაპარაკებები მხოლოდ ზელენსკის თანდასწრებით მოხდება მოგვიანებით გამართულ შეხვედრაზე და რომ აშშ წვლილს შეიტანს საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის მიერ მოწვეული მსურველთა კოალიციის ძალისხმევით შემუშავებულ უსაფრთხოების გარანტიებში." - დაწერა ბარომ.





