კიდევ ერთი კვირა დასრულდა ისე, რომ რუსეთი არ დათანხმდა მსოფლიოს მრავალრიცხოვან მოთხოვნებს და არ შეაჩერა მკვლელობები. მხოლოდ უკანასკნელ 24 საათში ფრონტზე 137 საბრძოლო მოქმედება მოხდა და ეს ხდება ყოველდღიურად. რუსული არმია არ ამცირებს ზეწოლას. არც დანაკარგებს ითვლის.
უკრაინელი მეომრები აქტიურ ზომებს იღებენ, იცავენ პოზიციებს და საომარი მოქმედებების ყველა არეალში, მათ შორის, ყველაზე რთულში, არის ისეთი შედეგები, როგორიც უკრაინას სჭირდება. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს და ყველაფერს ვაკეთებთ ოკუპანტის განადგურების ან განდევნის მიზნით.
ამავე პერიოდში, გასულ კვირაში, რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ ათასზე მეტი საჰაერო ბომბი და 1 400-მდე საბრძოლო დრონი გამოიყენეს. გრძელდება სარაკეტო დარტყმებიც. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ხალხის სიცოცხლეს და ვაძლიერებთ ჩვენს საჰაერო თავდაცვას. ასეთია ომში არსებული ვითარება. სიტუაცია დიპლომატიაშიც შესაბამისი უნდა იყოს.
რუსეთი ომს აჭიანურებს და შესაბამისად, უფრო ძლიერ გლობალურ ზეწოლას იმსახურებს. რუსეთი უარს ამბობს მკვლელობების შეჩერებაზე და შესაბამისად, არ უნდა მიიღოს რაიმე ჯილდო ან სარგებელი. ეს არ არის მხოლოდ მორალური პოზიცია – ეს რაციონალური პოზიციაა. დათმობები მკვლელს არ გადაარწმუნებს, სიცოცხლის ჭეშმარიტად ძლიერი დაცვა კი მკვლელებს აჩერებს.
მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც გვეხმარება სიძლიერის შენარჩუნებაში და ვინც გვაახლოებს ნამდვილ მშვიდობასთან – მშვიდობასთან ძალის გზით. ეს არის ერთადერთი სახის მშვიდობა, რომლის მიღწევაც რუსეთთან შესაძლებელია





