NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ 10 აგვისტოს თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრა პუტინისთვის გამოცდა იქნება და დაამატა, რომ თუკი სამიტი კარგად წარიმართება უკრაინა სამომავლო სამშვიდობო ძალისხმევაშიც ჩართული იქნება.
"როცა საქმე ეხება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს, ცეცხლის შეწყვეტასა და იმას, თუ შემდგომ რა მოუვა ტერიტორიებს, უკრაინა უნდა იყოს და იქნება ჩართული, მაგრამ პარასკევს [15 აგვისტოს] მნიშვნელოვანია იმის ნახვა, თუ რამდენად სერიოზულია პუტინი," აღნიშნა რუტემ CBS News-თან ინტერვიუში.
რუტემ დაამატა, რომ ალასკაში უკრაინის მონაწილეობის გარეშე პუტინსა და ტრამპს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა არ მოხდება.
"ეს არ იქნება საბოლოო სიტყვა ამ საკითხზე. საბოლოო შეთანხმება არ იქნება, რა თქმა უნდა, უკრაინის ჩართვა აუცილებელი იქნება," თქვა მან.
NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, პარასკევს "პრეზიდენტ ტრამპის მიერ პუტინის გამოცდა" მოხდება. ამასთან, რუტემ კვლავ გაიმეორა, რომ პუტინი "დასავლური ალიანსისთვის უმთავრეს საფრთხეს" წარმოადგენს.
"როცა საქმე ეხება სამომავლოდ უკრაინის გეოსტრატეგიულ პოზიციას, უკრაინის არმიის ზომასა აღმოსავლეთ ფლანგზე NATO-ს პოზიციებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ლატვია და ლიტვა, ესტონეთი, ფინეთი, პოლონეთი, რომ პუტინს აბსოლუტურად არანაირი სიტყვა არ ეთქმის ნებისმიერ ამ საკითხში," თქვა რუტემ.
ცნობისთვის, ტრამპი და პუტინი 15 აგვისტოს აშშ-ს ალასკის შტატში შეხვედრას გეგმავენ. ამავდროულად, NBC News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრი სახლი ალასკაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევასაც განიხილავს.





