გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას 15 აგვისტოს ალასკაში ვლადიმირ პუტინთან სამიტის გამართვამდე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესებისკენ მოუწოდებენ.
წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ პარასკევს ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრის გამართვამდე ევროპელი ლიდერები ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას ცდილობენ სამიტის ფორმატთან და შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით.
რამდენიმე მაღალჩინოსნის მიხედვით, 9 აგვისტოს გაერთიანებული სამეფოს საგარეო მინისტრის, დევიდ ლემის მასპინძლობით გამართულ სამიტზე, რომელსაც აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც ესწრებოდა, უსაფრთხოების საკითხებში ევროპელმა და უკრაინელმა მრჩევლებმა თქვეს, რომ აშშ-მ სანქციების მუქარის მეშვეობით რუსეთზე წნეხი უნდა გაზარდოს.
"პუტინი მხოლოდ წნეხის ქვეშ მოქმედებს," თქვა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 10 აგვისტოს. "აშკარაა, რომ სამხედრო წნეხი საკმარისად ძლიერი არ არის და აშშ-ს სანქციები ჯერ კიდევ არ დაწესებულა. ასე რომ მომხდარიყო, რუსულ ეკონომიკაზე გავლენა მნიშვნელოვანი იქნებოდა. აშშ-ს პრეზიდენტს ამისკენ მოვუწოდებდი." - დაამატა მან.
მერცმა ასევე აღნიშნა, რომ ალასკაში გამართულმა შეხვედრამ ხელშესახები შედეგები უნდა გამოიღოს: "ან რუსეთზე წნეხის გაზრდის მიმართულებით, ან რუსეთი თავისით უნდა მიხვდეს, რომ ეს ომი ვერ გაგრძელდება." - განმარტა გერმანიის კანცლერმა.
მერცმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერები ალასკის შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დასწრებასაც ითხოვენ.
ამას გარდა, ევროკავშირის ორი მაღალჩინოსნის თქმით, ევროპა ასევე გაყინული რუსული აქტივების ბერკეტად გამოყენებასაც განიხილავს. წყაროების მიხედვით, ერთ-ერთი წინადადება, რომელსაც ბრიუსელში განიხილავენ, მოიცავს €190 მილიარდის ოდენობის რუსული აქტივებიდან ბელგიურ კლირინგულ სახლ Euroclear-ში დაგროვებული თანხის უკრაინისთვის სესხებას.
"გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა დაიწყოს დისკუსია იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ აქტივებით, თუკი რუსეთი მის მიერ შექმნილი ნგრევას უკრაინას არ აუნაზღაურებს," თქვა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.
ამასთანავე, Financial Times-ის მიხედვით, ევროპელი ლიდერები ეწინააღმდეგებიან ტერიტორიის გაცვლის იდეასაც, რაც ტრამპმა გასულ კვირას წამოაყენა. გამოცემის ცნობით, ამის ნაცვლად ევროპელების პოზიციაა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების საწყისი წერტილი ამჟამინდელი ფრონტის ხაზი უნდა იყოს.
"ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია ტერიტორიულ გაცვლად არის წარმოჩენილი, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ცალმხრივი გაცვლაა," ამბობს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ 10 აგვისტოს ABC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ასევე შეეხება "იმ აბსოლუტური საჭიროების გათავისებას, რომ უკრაინა საკუთარ მომავალს წყვეტს... რომ არ ექნება შეზღუდვა საკუთარი არმიის სამხედროების დონეზე". ამასთანავე, რუტეს თქმით, NATO-ს "არანაირი შეზღუდვა" არ უნდა ჰქონდეს დასავლეთ ფლანგზე არსებობის კუთხითაც.
"ჩვენ ვერ მივიღებთ, რომ რუსეთი განაგრძობდეს საფრთხის შექმნას ევროპული უსაფრთხოების სისტემისთვის," აღნიშნა მერცმა: "ამიტომ, ვერ იქნება მშვიდობა, რომელიც რუსულ აგრესიულ ქმედებებს აჯილდოებს და შესაძლოა, დამატებით მოქმედებებსაც ახალისებს."





