რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"უკრაინას შეხვედრების არ ეშინია" – ზელენსკის თქმით, სამმხრივი სამიტის გამართვა განიხილება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Tetiana Dzhafarova/AP Photo/picture alliance

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 7 აგვისტოს დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ძალისხმევის ფარგლებში მიმდინარეობს საუბრები ლიდერებს შორის ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრების გამართვის შესახებ. 

"გუშინ [6 აგვისტოს] ასევე განვიხილეთ მშვიდობის მიღწევის მიზნით სხვადასხვა პოტენციური ფორმატის ფარგლებში ლიდერების დონეზე შეხვედრა - ორი ორმხრივი და ერთი სამმხრივი [შეხვედრა]," დაწერა ზელენსკიმ X-ზე მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან სატელეფონო საუბარი გამართა.

"უკრაინას არ ეშინია შეხვედრების და მოელის, რომ ასეთივე მამაცურ მიდგომას რუსული მხარეც გამოიჩენს. დროა, რომ ომი დავასრულოთ." - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, გამოცემა New York Times-მა 6 აგვისტოს წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შემდეგ კვირაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს და შემდეგ აპირებს, მალევე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პუტინთან ერთად სამმხრივი შეხვედრა გამართოს. 

თეთრი სახლის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს პუტინმა უთხრა, რომ ახლო მომავალში ტრამპთან შეხვედრა სურდა. 

6 აგვისტოს მოსკოვში უიტკოფის ვიზიტის შემდეგ ტრამპმა და ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს, რომელსაც, NYT-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უიტკოფიც ესწრებოდნენ. 

ორი წყაროს მიხედვით, მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრას სხვა ევროპელი წარმომადგენლების გარეშე აპირებს.

CNN-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა თავის გუნდს პუტინთან ერთი-ერთზე შეხვედრისთვისა და სამმხრივი სამიტისთვის მზადების დაჩქარება დაავალა.

თუმცა, მოგვიანებით, ოვალურ ოფისში რეპორტიორებთან საუბრისას ტრამპმა უფრო ბუნდოვანი პასუხი გასცა პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვას. 

"არ მინდა ვთქვა, რომ ეს... მისით აქამდე იმედგაცრუებული ვყოფილვარ," თქვა მან. ტრამპმა ასევე დაამატა, რომ "ძალიან კარგი პერსპექტივა" არსებობს ზელენსკისთან და პუტინთან სამმხრივი შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით. 

ხოლო კითხვაზე, შეიცვალა თუ არა მისი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინი მას მხოლოდ დროის გაყვანას ცდილობს, ტრამპმა უპასუხა, რომ ამის თქმა ჯერჯერობით ადრეა. 

"ამ კითხვას ჯერჯერობით ვერ ვუპასუხებ. ამას რამდენიმე კვირაში, ან უფრო ნაკლებში გეტყვით. მაგრამ ჩვენ დიდი პროგრესი გვაქვს," თქვა ტრამპმა. 

კომენტარები