რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

WP: სირსკი ევროპასა და ტრამპს შეიარაღებასა და რუსეთში იერიშებზე შეზღუდვის მოხსნას სთხოვს 

ოლექსანდრ სირსკი
Unian

გამოცემა Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ოლექსანდრ სირსკი აშშ-სა და ევროპას უკრაინისთვის დამატებითი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდებას, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე იერიშებზე ბაიდენის ადმინისტრაციის დროინდელი შეზღუდვების მოხსნას სთხოვს. 

სირსკიმ WP-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ახალი პაკეტი, მათ შორის ამერიკული Patriot-ის სისტემები და დრონების საწინააღმდეგო შეიარაღება, უკრაინას რუსული თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარება. ამასთან, მთავარსარდლის თქმით, დამატებითი საშუალო და შორი მანძილის რაკეტები, მათ შორის, ამერიკული ATACMS-ები და გერმანული Taurus-ის სისტემები, და მათ გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნა უკრაინას საშუალებას მისცემს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დრონებისა და რაკეტების მწარმოებელ ობიექტებზე მიიტანოს იერიში. 

“ისინი (რედ. - რუსები) ფაქტობრივად ყველაფერს იღებენ სამიზნეში - საფრენ მინდორებს, დასახლებულ ტერიტორიებს, ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ბალისტიკური რაკეტებით მომარაგება გვჭირდება, რათა მტერი სათანადოდ მოვიგერიოთ. ნებისმიერი სარაკეტო იარაღის ხელმისაწვდომობა თავისთავად არის შეკავების საშუალება. ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტ ტრამპის პოზიციის წყალობით ეს პროცესი გაცილებით უფრო მარტივი იქნება და [...] არ გვექნება ის სირთულეები, რომლებიც აქამდე გვქონდა”. - თქვა სირსკიმ გამოცემასთან საუბრისას. 

WP აღნიშნავს, რომ რუსეთმა ამ ზაფხულს უკრაინის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით იერიშები გააძლიერა, პარალელურად კი უკრაინა ჯარისკაცების მობილიზაციის პრობლემებს აწყდება. 

სირსკიმ უარი განაცხადა უკრაინის ATACMS-ების მარაგებთან დაკავშირებით დასმული კითხვისთვის პასუხის გაცემაზე და არ უთქვამს, დარჩა თუ არა უკრაინას ეს სარაკეტო სისტემები მარაგში. გამოცემის კითხვაზე, გადაარჩენდა თუ არა ამერიკული რაკეტების ახალი პარტიის მიწოდება უკრაინულ სიცოცხლეებს, სირსკიმ უპაუსხა, “რა თქმა უნდა”. 

უკრაინის შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალმა ასევე დაამატა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვასთან და რაკეტებთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, უკრაინის სახმელეთო ჯარს 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების მარაგიც არ ჰყოფნის. ამასთან, სირსკის თქმით, უკრაინის არმიას დამატებითი ჯავშანტექნიკით მომარაგებაც ესაჭიროება. 

“მაღალი მოტივაციის მქონე და მამაცი ჯარისკაცები გვყავს, რომლებსაც წინსვლა შეუძლიათ, მაგრამ დაცვის თანამედროვე, სანდო საშუალებები გვჭირდება”. - თქვა სირსკიმ. 

როგორც WP აღნიშნავს, აშშ-ს გადაწყვეტილებამ, რომ უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ების შეზღუდული გამოყენების ნება დაერთო, ხარკოვში რუსული იერიშის დასუსტებაში წვლილი შეიტანა. 

“ყველამ დიდი ძალისხმევა გავწიეთ, მათ შორის სიტყვით გამოვედით, რათა აგვეხსნა და დაგვემტკივებინა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ამ ტიპის შორი მანძილის იარაღების გამოყენების საჭიროება. ბაიდენის ადმინისტრაცია დიდი ხნის განმავლობაში ასეთი იერიშებისთვის ნებართვის გაცემაზე უარს ამბობდა, რადგან ეშინოდა, რომ ეს პუტინისთვის წითელი ხაზის გადავკეთა იქნებოდა და სახიფათო პასუხს გამოიწვევდა”. - თქვა სირსკიმ WP-სთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ცნობისთვის, 14 ივლისს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ დრამატულად გაზრდის ევროპელი მოკავშირეებისთვის შეიარაღების მიწოდებას, ეს ქვეყნები კი იარაღს შემდგომ უკრაინაში გაგზავნიან. 

თეთრ სახლში NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ NATO-ს მოკავშირეებს "მილიარდობით დოლარის" ღირებულების მქონე "საუკეთესო" სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის. იარაღის საფასურს კი თავად ევროპული ქვეყნები გადაიხდიან. 

ამას გარდა, ტრამპმა რუსეთს 50-დღიანი ვადა მისცა შეთანხმების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კრემლს 100%-იანი "მეორადი ტარიფებით" დაემუქრა, რაც რუსული ნავთობის შემსყიდველ ისეთ ქვეყნებზე ტარიფების დაწესებას გულისხმობს, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი. 

თავის მხრივ, რუსეთში ტრამპის განცხადებებს "სერიოზული" უწოდეს. კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მათ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებების გასაანალიზებლად დრო "უპირობოდ" სჭირდებათ.

პესკოვმა ასევე თქვა, რომ პუტინი ტრამპის განცხადებების შესახებ კომენტარს თავად გააკეთებს "თუკი და როდესაც" ამას საჭიროდ ჩათვლის

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მათ სურთ, გაიგონ, თუ "რით ხელმძღვანელობს აშშ-ს პრეზიდენტი."

ხოლო ლავროვის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ ტრამპის მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის 50-დღიანი ვადის დაწესებას "ძალიან უცნაური" უწოდა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე "ერთი მხარე დღემდე არ არის  წარმოდგენილი – ეს არის უკრაინული მხარე". მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან "მხოლოდ რუსეთზე ზეწოლა მათი მშვიდობისადმი ნამდვილი ერთგულების ნაკლებობას ადასტურებს"

გარდა ამისა, გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის მხრიდან გაძლიერებული საჰაერო იერიშების კადრების ყურების შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრისას უკმაყოფილება გამოხატა ვლადიმირ პუტინის მიმართ და მას უკრაინაში გასაგზავნად Patriot-ის ხუთი სისტემის მიყიდვა შესთავაზა, რასაც ფრიდრიხ მერცი დათანხმდა. 

კომენტარები