ამერიკული ახალი ამბების ორგანიზაცია CNN, სავარაუდოდ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც 2024 წლის მაისით თარიღდება.
CNN-ის ცნობით, ჩანაწერში ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დონორებთან შეხვედრისას იხსენებს, თუ როგორ დაემუქრა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში, რათა ისინი უკრაინასა და ტაივანში შეჭრისგან გადაერწმუნებინა.
CNN-ის აუდიოჩანაწერის მიხედვით, ტრამპი ყვებოდა, თუ როგორ უთხრა ვლადიმირ პუტინსა და სი ძინფინგს, რომ, შესაბამისად, უკრაინაში ან ტაივანში შეჭრის შემთხვევაში, იგი მოსკოვს და პეკინს დაბომბავდა.
"პუტინს მე ვუთხარი, "თუ უკრაინაში შეიჭრები, მოსკოვს დავბომბავ. გეუბნები, სხვა არჩევანი არ მაქვს-მეთქი" და ის ამბობს, "არ მჯერა შენიო." მან თქვა, "შანსი არ არისო" და მე ვთქვი, "შანსია." მერე მან მითხრა, შენი არ მჯერაო, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ 10%-ით დამიჯერა.
მერე ჩინეთის პრეზიდენტ სი [ძინფინგთან] ვარ და მათაც იგივე ვუთხარი. "თუ ტაივანში შეიჭრებით, პეკინს დავბომბავ-მეთქი." მან იფიქრა, რომ მე გიჟი ვარ. მითხრა "პეკინი?! პეკინს დაბომბავო?" მე ვუთხარი, "სხვა არჩევანი არ მაქვს. თქვენი დაბომბვა მომიწევს. პეკინს დავბომბავთ" და მანაც არ დამიჯერა, მან თქვა 10% და ეს 10% სულ ისაა, რაც გჭირდება. სინამდვილეში, 5%-იც საკმარისი იქნებოდა." - ამბობს, სავარაუდოდ, ტრამპი CNN-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში.
ცნობისთვის, 2024 წლის მაისის ბოლოს ამავე ეპიზოდთან დაკავშირებით გამოცემა Washington Post-მაც დაწერა. გამოცემის ინფორმაციით, წინასაარჩევნო ღონისძიებაზე დონორებთან შეხვედრისას ტრამპმა თქვა, რომ თუ მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთი უკრაინაში, ხოლო ჩინეთი ტაივანში შეიჭრებოდა, ის მოსკოვსა და პეკინს დაბომბავდა.





