რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემის თქმით, რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების მის კანონპროექტს "დიდი გარღვევა" აქვს. ამის შესახებ მან ABC News-თან ისაუბრა.
გრემმა განმარტა, თუ როგორ იმოქმედებს მისი კანონპროექტი. მან ხაზი გაუსვა, რომ შეტანილი აქვთ დათმობა, რომელიც კანონის მიღების შემთხვევაში მისი აღსრულების ძალაუფლებას პრეზიდენტს ჩააბარებს.
"თუ ყიდულობ რუსეთისგან პროდუქტებს და უკრაინას არ ეხმარები, იქნება 500%-იანი ტარიფი შენს პროდუქტზე, რომელიც აშშ-ში შემოდის. ინდოეთი და ჩინეთი ყიდულობენ პუტინის ნავთობის 70%-ს, მის საბრძოლო მანქანას ამარაგებენ. ჩემს კანონპროექტს 44 თანაინიციატორი ჰყავს. ის პრეზიდენტს საშუალებას მისცემს დაუწესოს ტარიფი ჩინეთს, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებს, რათა მათ მიერ პუტინის ომის მანქანის მხარდაჭერა შეწყდეს." - თქვა გრემმა.
გრემის თქმით, ის დონალდ ტრამპთან ერთად გოლფს თამაშობდა, როცა პრეზიდენტმა უთხრა, რომ მისი კანონპროექტის დაწინაურების დრო იყო.
"[ტრამპმა] თქვა: "დროა შენი კანონპროექტი დავაწინაუროთ." [ვუთხარი:] კანონპროექტში არის დათმობა ბატონო პრეზიდენტო - თქვენს განკარგულებაშია მისი აღსრულება. ჩვენ მივცემთ პრეზიდენტ ტრამპს ხელსაწყოს, რომელიც დღეს არ გააჩნია. ივლისის შესვენების შემდეგ მივიღებთ კანონპროექტს... არის დათმობა, მასზეა დამოკიდებული აღსრულება. ვცდილობთ პუტინი [მოლაპარაკებების] მაგიდამდე მივიყვანოთ." - თქვა გრემმა.
2025 წლის გაზაფხულზე ამერიკელი სენატორების ნაწილმა წარადგინა ორპარტიული კანონპროექტი რუსეთისთვის ახალი, პირველადი და მეორეული სანქციების დაწესების შესახებ. ამ კანონპორექტით გათვალისწინებული სანქციების მიზანია რუსეთისთვის პასუხისმგებლობისა და საზღაურის დაკისრება, თუ უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, ან შეთანხმებას ჩაშლის. დოკუმენტის ავტორია რესპუბლიკელი ლინდსი გრემი და დემოკრატი რიჩარდ ბლუმენტალი.
კანონპროექტს 100 სენატორიდან მხარი 80-ზე მეტმა დაუჭირა. გასულ დღეებში The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გრემს უბიძგებდა, შეერბილებინა დოკუმენტის ფორმულირება და შეეტანათ დათმობა, რომელიც პრეზიდენტს ნებას მისცემდა თავად აერჩია ვის წინააღმდეგ დაწესდებოდა გათვალისწინებული შეზღუდვები.





