აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასამთავრებლად სამშვიდობო მოლაპარაკებებზე "ზედმეტად ბევრს" ითხოვს. ვენსის თქმით, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ იმ ტერიტორიებს მიიღებს, რომლის დაპყრობაც მან ვერ შეძლო.
"ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი ზედმეტად ბევრს მოითხოვდა, რადგან რუსეთის აღქმაში, ადგილზე ისინი იგებენ და, რა თქმა უნდა, უკრაინელებს ცეცხლის შეწყვეტა სურთ, ვინაიდან გარკვეულწილად ბოლო თვეების განმავლობაში ვითარება კარგად არ მიდიოდა უკრაინელებისთვის და ჩვენი დამოკიდებულებაა, რომ არ გვინდა უკრაინის ჩამოშლა. ცხადია გვინდა, რომ უკრაინა სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩეს, მაგრამ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ იმ ტერიტორიას მიიღებს, რომელიც დაპყრობილიც არ აქვთ და თავდაპირველ სამშვიდობო გეგმაში მათ ეს მოითხოვეს". - თქვა ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში.
ვენსის თქმით, თუკი ტრამპის ადმინისტრაცია დაასკვნის, რომ რუსეთი მოლაპარაკებებში კეთილი ნებით არ იღებს მონაწილეობას, მაშინ აშშ დატოვებს მოლაპარაკებების პროცესს და შეწყვეტს მხარეებს შორის შუამავლობის როლის შესრულებას.
"ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი თავდაპირველ შემოთავაზებაში ზედმეტად ბევრს მოითხოვდა. ვიცოდით, რომ მეტს მოითხოვდნენ, ვიდრე რისი მიცემაც გონივრული იქნებოდა. ხშირად მოლაპარაკებები ასე წარიმართება. ეს მე არ მაწუხებს. რაც შემაწუხებდა იქნებოდა ის, თუ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ რუსები მოლაპარაკებებში კეთილი ნებით არ იღებენ მონაწილეობას. თუ ეს მოხდება, დიახ, ჩვენ დავტოვებთ [პროცესს]. პრეზიდენტი იტყვის, "აქედან გავდივართ" და ფუნდამენტურად ამაში იგულისხმება, რომ უკრაინასა და რუსეთს, ორივეს მარტო მოუწევთ ამ კონფლიქტის დამთავრება აშშ-ს რჩევებისა და შუამავლობის გარეშე. არ მგონია, რომ ეს ვინმესთვის კარგია. ეს არ არის კარგი ამერიკისთვის, რუსეთისთვის ან უკრაინისთვის". - განმარტა მან.
წინა დღით, 7 მაისს, ვენსმა პირველად აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის აზრით, მოლაპარაკებებზე რუსეთი "ზედმეტად ბევრს" ითხოვს.
"ამჟამად რუსებს გარკვეული მოთხოვნები აქვთ, გარკვეულ დათმობებს ითხოვენ, რათა კონფლიქტი დამთავრდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი ზედმეტს ითხოვენ". - თქვა მან მიუნხენში.
ამავე დღეს უკრაინაში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს მხრიდან მოლაპარაკებების პროცესის დატოვება რუსეთს დააზიანებს და არა - უკრაინას.





