აშშ-ს დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა კონგრესმენებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემის ორპარტიულ კანონპროექტს, რათა მეორადი სანქციები დაწესდეს რუსულ პროდუქციაზე იმ ფონზე, როცა ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებებში "ფეხს ითრევს".
"ჩემი აზრით, ჩვენ წინ უნდა წავწიოთ [ლინდსი] გრემის კანონპროექტი, და ორივე პალატაში უნდა დავუჭიროთ მხარი და რუსეთზე მეორადი სანქციები დავაწესოთ". - თქვა შაჰინმა რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის კანონპროექტის შესახებ.
შაბათს, 26 აპრილს გრემმა დაწერა, რომ მას ორპარტიული კანონპროექტი აქვს, 60-მდე თანასპონსორით, რომელიც მეორადი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც რუსულ ნავთობს, ბუნებრივ აირს, ურანსა თუ სხვა სახის პროდუქციას ყიდულობს.
შაჰინის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია სენატორ გრემთან აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობდა და ადმინისტრაციაში "უეჭველად ესმით", რომ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.
"[ამ კანონპროექტში] არის გარკვეული რეალური სარგებელი იმ ფონზე, როცა ვლადიმირ პუტინი ფეხის თრევას განაგრძობს, რათა ყველაფერი გააკეთოს მეტი დროის მოსაგებად იმისთვის, რომ უკრაინის მეტი ტერიტორია წაიღოს და უკეთ გააძლიეროს რუსეთის პოზიცია. ეს [კანონპროექტი] ისაა, რაც მათ შენელებას ხელს შეუწყობს". - თქვა შაჰინმა.
26 აპრილს ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა დაწერა, რომ პუტინს "შესაძლოა, საერთოდ არ სურს ომის შეწყვეტა".
"პუტინს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამოქალაქო რაიონებზე, ქალაქებსა და სოფლებზე რაკეტების სროლის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მას ომის შეწყვეტა საერთოდ არ სურს, უბრალოდ ჩემთან დროის გაყვანას ცდილობს და მასთან სხვა გზით მოპყრობაა საჭირო - "საბანკო გზებით" ან "მეორადი სანქციებით?" - დაწერა ტრამპმა.
ხოლო მოგვიანებით სენატორმა ლინდსი გრემმა აღნიშნა, რომ სენატში რუსეთზე დამატებითი სანქციების დასაწესებლად ორპარტიული კანონპროექტი მზად არის.
"სენატი მზად არის, ამ მიმართულებით იმოქმედოს და ასეც გააკეთებს, თუ რუსეთი ღირსეულ, სამართლიან და მდგრად მშვიდობაზე არ დათანხმდება". - დაწერა გრემმა X-ზე.