ამერიკული გამოცემა Axios საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თუკი თვის ბოლომდე რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დაიდება, ტრამპი, სავარაუდოდ, რუსეთზე დამატებით სანქციებს დააწესებს.
წყაროს თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი ამას აღმასრულებელი უფლებამოსილებით ან კონგრესის მეშვეობით გააკეთებს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 4 აპრილს აღნიშნა, რომ რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით კონგრესის მხრიდან ტრამპის ადმინისტრაციაზე ზეწოლა გაიზრდება, ხოლო ტრამპი "ამას ვერ შეაჩერებს", თუკი "მშვიდობის გზაზე არანაირი პროგრესი" არ იქნება.
-
რუბიო: გაიზრდება კონგრესის ზეწოლა, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ
-
რუბიო: თუ რუსეთი უბრალოდ მოლაპარაკებების გაჭიანურებას ცდილობს, აშშ პოზიციას გადახედავს
"ჩვენ მალე გავიგებთ, რამდენიმე კვირაში, თვეებში არა, მართლა უნდა თუ არა რუსეთს მშვიდობა" - თქვა რუბიომ.
პარალელურად, აშშ-ს სენატის ნახევარმა, სიმბოლურად 25-მა რესპუბლიკელმა და 25-მა დემოკრატმა სენატორმა, 1-ელ აპრილს ორპარტიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც რუსეთზე სანქციების დაწესებას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუ კრემლი უარს იტყვის უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მოლაპარაკებებში კეთილი ნებით ჩაერთოს.
ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ტემი ბრიუსის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდაზე მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა დევს. მანა აღნიშნა, რომ სანამ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა არ მიიღწევა, აშშ რუსეთთან სხვა დინამიკის განხილვას ან ხელშეწყობას არ აპირებს.
"ვფიქრობ, პრეზიდენტმა ძალიან ნათლად გამოხატა, რომ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდაზე მხოლოდ ერთი რამ დევს და ეს არის ცეცხლის შეწყვეტა, რომ არ არსებობს სხვა დინამიკა, რომელსაც განვიხილავთ ან ხელს შევუწყობთ, სანამ ეს არ მოგვარდება". - თქვა ბრიუსმა.





