კანადის პრემიერმინისტრის, მარკ კარნის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მასთან სატელეფონო საუბრისას "პატივი სცა კანადის სუვერენიტეტს".
ქვეყნებს შორის ახლად დაწყებული სავაჭრო დაპირისპირების ფონზე, კანადისა და აშშ-ს ლიდერებმა ტელეფონით 28 მარტს ისაუბრეს.
კარნიმ, რომელმაც კანადის ყოფილი პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო 14 მარტს ჩაანაცვლა და ამჟამად საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ტრამპთან საუბარი შეაფასა, როგორც "ძალიან კონსტრუქციული". თავად ტრამპმა ზარს "უკიდურესად პროდუქტიული" უწოდა.
როგორც BBC წერს, აშშ-ს პრეზიდენტის ტონი კანადასთან მიმართებით, გასული კვირების განცხადებებისგან განსხვავებით, შერბილებული იყო. კანადისთვის ტრამპს "აშშ-ს 51-ე შტატი", ხოლო კანადის ყოფილი პრემიერმინისტრისთვის, ჯასტინ ტრუდოსთვის "კანადის გუბერნატორი" უწოდებია.
"მე ყოველთვის მიყვარდა კანადა. ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. პრემიერმინისტრი - ისინი ახლა არჩევნებს ელოდებიან, ამიტომ არჩევნების შემდეგ შევხვდებით.
ვფიქრობ, რაღაცები ძალიან კარგად გადაწყდება კანადასა და აშშ-ს შორის". - თქვა ტრამპმა ზარის შემდეგ რეპორტიორებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს ძალაში შევა ტრამპის მიერ დაანონსებული 25%-იანი ტარიფები აშშ-ში მანქანების კანადურ იმპორტზე. აშშ-ს პრეზიდენტი 2 აპრილს "გათავისუფლების დღეს" (Liberation Day) უწოდებს.
აშშ-მ უკვე ნაწილობრივ დააწესა 25%-იანი ტარიფი კანადურ საქონელზე და 25%-იანი ტარიფი ალუმინისა და ფოლადის ყველა იმპორტზე. კანადამ ჯერჯერობით საპასუხო ტარიფები დააწესა დაახლოებით 60 მილიარდი კანადური დოლარის (42 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების ამერიკულ საქონელზე.
სატელეფონო ზარამდე 1 დღით ადრე კარნი ამბობდა, რომ აშშ "აღარ იყო სანდრო სავაჭრო პარტნიორი", ხოლო კანადის ძველებური ურთიერთობა აშშ-სთან "დასრულდა".
კანადის მოქმედმა პრემიერმინისტრმა, რომელიც კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერია, ამავე დღეს პირობა დადო, რომ აშშ-ს "მაქსიმალურად გავლენიან" საპასუხო ტარიფებს დაუწესებს.