16 მარტს აშშ-ს ცენტრალურ ტერიტორიაზე ძლიერი შტორმებისა და ტორნადოების შედეგად ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა და ასეულობით დაშავდა. ამასთან ერთად, სინოპტიკოსების პროგნოზით, კვირის ბოლომდე ბუნებრივი კატასტროფების გაგრძელებაა მოსალოდნელი.
კანზასში, პოლიციის ინფორმაციით, ძლიერი შტორმის გამო შეზღუდული ხილვადობის პირობებში 50-ზე მეტი ავტომობილის შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.
მისურის შტატის საპატრულო პოლიციამ დაადასტურა, რომ სტიქიასთან დაკავშირებულმა შემთხვევებმა 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მისისიპის სამხრეთ რეგიონში შტატის გუბერნატორის ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი, ამჟამინდელი ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება. ამასთან, შტატში მინიმუმ 14 000 ადამიანი ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე რჩება.
ამავდროულად, ტეხასში ადგილობრივმა ხელისუფლებამ AFP-ს აცნობა, რომ მტვრის შტორმებსა და ხანძრებთან დაკავშირებულ საავტომობილო შემთხვევებში ოთხი ადამიანი დაიღუპა, რადგან გზებზე ხილვადობა მკვეთრად შემცირდა.

მეზობელ არკანზასის შტატში ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ სტიქიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა.
შაბათს საღამოსთვის ცენტრალური აშშ-ს მასშტაბით მინიმუმ 200 000 სახლი და საწარმო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სინოპტიკოსების პროგნოზით, შაბათს ტორნადოების ახალი ტალღა მოსალოდნელია ცენტრალური ყურის სანაპიროს შტატებში, მათ შორის მისისიპისა და ტენესის ტერიტორიაზე.

აშშ-ს ოკეანესა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) მონაცემებით, 2024 წელს აშშ-ში ტორნადოებთან დაკავშირებულ შემთხვევებში 54 ადამიანი დაიღუპა.