ამერიკული გამოცემა Washington Post-ი წერს, რომ რუსეთმა მოამზადა სამშვიდობო პირობების დოკუმენტი, რომლის მიზანია მოლაპარაკებებში აშშ-ს როლის შესუსტება, ტრამპის ადმინისტრაციასა და სხვა ქვეყნებს შორის ვითარების გაუარესება და უკრაინული სახელმწიფოს დაშლა.
როგორც WP წერს, დოკუმენტი დაწერილია თებერვალში, მოსკოვში დაფუძნებული გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის მიერ, რომელსაც ახლო კავშირი აქვს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (ФСБ).
ტექსტი ომის დასრულების რუსეთისთვის მომგებიან და მაქსიმალისტურ პირობებს ითვალისწინებს. ნათქვამია, რომ დონალ ტრამპის მიერ ომის 100 დღეში დასრულების წინადადება არარელურია და საბრძოლო მოქმედებები 2026 წლამდე ვერ დასრულდება.
ამას გარდა, დოკუმენტი ეწინააღმდეგება უკრაინაში უცხოელი სამშვიდობოების კონტინგენტის ჩაყენებას და მოითხოვს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტი აღიარონ.
მოთხოვნილია ბუფერული ზონის შექმნა რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ საზღვრებთან, ასევე ყირიმის მიმდებარედ დემილიტარიზებული ზონის შექმნა.
დამატებით, დოკუმენტში საუბარია უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების "სრული დაშლის აუცილებლობაზე".
დოკუმენტთან დაკავშირებით მედია წერს, რომ ის ევროპული დაზვერვის სამსახურებმა მოიპოვეს და მას WP-ც გაეცნო.
WP-ს ცნობით, რუსმა აკადემიკოსმა, რომელიც რუს დიპლომატებთანაა დაახლოებული, თქვა, რომ დოკუმენტის შინაარსი მოსკოვის "ფართო კონსესუსს" ასახავს, თუმცა დაამატა, რომ არასდროსაა ნათელი, რამდენად ითვალისწინებს კრემლი მათთვის მომზადებულ დოკუმენტებს. მისივე თქმით, რუსეთში არის ორი ჯგუფი, რომლებიდანაც ერთს ხისტი პოზიცია აქვს და ომის გაგრძელებას ითხოვს, მეორე კი მხარს უჭერს კონფლიქტის მოკლე ვადაში მოგვარებასა და სულ მცირე ცეცხლის შეწყვეტას.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთი პირველ რიგში აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე უნდა იყოს ორიენტირებული და ვაშინგტონში ალექსანდრ დარჩიევის ელჩად დანიშვნის იდეას უჭერს მხარს.
ასევე არის პირობა, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე არ განათავსებს "ორეშნიკის" ტიპის კონტინენტთაშორის რაკეტებს, თუ აშშ ევროპაში ახალ სისტემებს არ განალაგებს.
ასევე ერთ-ერთ შესაძლებლობადაა განხილული აშშ-ს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების შეიარაღების შეჩერებაც, თუ ვაშინგტონი კიევისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს. აქვე ხაზგასმულია, რომ მისკოვის მოკავშირეებისთვის შეიარაღების შეწყვეტა "რთულად განსახორციელებელი" იქნება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტს არ აღიარებენ, ომის განახლების შესაძლებლობა იარსებებს, "მაგალითად აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილებების შემდეგ".
დოკუმენტი ასევე გამორიცხავს უკრაინის NATO-სკენ სწრაფვას და ნათქვამია, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომლებშიც მონაწილეობას პრორუსული პარტიებიც მიიღებენ. "რეალურად, კიევის ამჟამინდელი რეჟიმის შიგნიდან ცვლილება შეუძლებელია, საჭიროა მისი სრულად დანგრევა".
გამორიცხულია სამშვიდობოების ჩაყენება, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კიევის იარაღით მომარაგება და უკრაინის 1-მილიონიანი არმიის შენარჩუნება.
ასევე დოკუმენტში დამცირებულია სანქციების როლი და ეჭვქვეშაა დაყენებული შეთანხმების ფარგლებში მათი ნაწილობრივი მოხსნა. ნათქვამია: "არაა ცხადი, 4ა იქნება სარგებელი რუსეთისთვის... ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების ფაქტორის მნიშვნელობა აშკარად გადაჭარბებულია".





