აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დაელაპარაკება და აღნიშნა, რომ "ტანგოს საცეკვაოდ ორი ადამიანი არის საჭირო". ტრამპმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ცეცხლის შეთანხმებას უკრაინის მსგავსად დათანხმდება.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა.
"ვლადიმირ პუტინს დაველაპარაკები, ნახეთ, [...] როგორც ამბობენ, ტანგოს საცეკვაოდ ორი ადამიანი არის საჭირო. იმედია, ისიც დამეთანხმება, მართლა მგონია, რომ ეს საქმის 75% იქნება, დანარჩენი მისი დოკუმენტირებაა და მიწაზე პოზიციებზე მოლაპარაკება, ა.შ.". - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმდა, ხოლო რუსულ მხარესთან შეხვედრა აშშ-ს დელეგაციას დღეს და ხვალ ექნება.
"უკრაინა. ცეცხლის შეწყვეტა. ცოტა ხნის წინ ამაზე შევთანხმდით.
ახლა რუსეთთან უნდა მივიდეთ და ვიმედოვნებ, პრეზიდენტი პუტინი ამას ასევე დათანხმდება. [...]
ვფიქრობ, დიდი სხვაობა იყო ოვალურ ოფისში წინა ვიზიტთან შედარებით, რომელიც ნახეთ. ეს ცეცხლის სრული შეწყვეტაა - უკრაინა ამას დათანხმდა და, იმედია, რუსეთი დათანხმდება, დღეს მოგვიანებით და ხვალ მათ შევხვდებით და, იმედია, მათთან შეთანხმებას შევძლებთ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია და თუ შევძლებთ, რომ რუსეთს ეს გავაკეთებინოთ, შესანიშნავი იქნება, თუ ვერა, ეს გაგრძელდება და ხალხი დაიხოცება. [...]
იმედი მაქვს, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში დასრულებული იქნება [...] და შემდეგ ხვალ რუსეთთან დიდი შეხვედრა გვექნება და, იმედია, შესანიშნავი საუბრები იქნება". - თქვა ტრამპმა.
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის დელეგაციამ გამოთქვა ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის მზადყოფნა, თუ ამ წინადადებას მხარს რუსეთიც დაუჭერს.
"უკრაინამ გამოტქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ს წინადადება, რომ ამოქმედდეს დაუყოვნებელი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რომლის გახანგრძლივებაც შესაძლებელი იქნება მხარეთა ურთიერთთანხმობის შედეგად და რომელიც მიღებული იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ საპასუხო ამოქმედების შემთხვევაში." - ნათქვამია დელეგაციების ერთობლივ განცხადებაში და დამატებულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე რუსეთთან კომუნიკაცია აშშ-ს ექნება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დელეგაციებმა განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში სამხედრო ტყვეების გაცვლის, დაპატიმრებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებისა და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების მნიშვნელობა. დელეგაციები ასევე შეთანხმდნენ განსაზღვრონ თავიანთი მოლაპარაკებების ჯგუფების შემადგენლობა და დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას.
ასევე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები "შეთანხმდნენ, რაც შეიძლება სწრაფად გააფორმონ ყოვლისმომცველი შეთანხმება უკრაინის კრიტიკული მინერალური რესურსების განვითარებაზე, რათა გააძლიერონ ქვეყნის ეკონომიკა და უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი კეთილდღეობა და უსაფრთხოება".
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამშვიდობო პროცესში ჩართული უნდა იყვნენ ევროპელი პარტნიორებიც.
ასევე აღნიშნულია, რომ აშშ აუქმებს სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარებაზე დაწესებულ პაუზას უკრაინასთან.
11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების სტრუქტურა განიხილეს.
ცნობისთვის, უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ტრამპის ადმინისტრაციამ მოლაპარაკებები საუდის არაბეთში რუსეთთან გამართა.
18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ადგილობრივი აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.





