მექსიკა-აშშ

მექსიკამ აშშ-ს ნარკოკარტელის 29 წევრი, მათ შორის ნარკობარონი რაფაელ კარო კინტერო გადასცა

მექსიკამ ამერიკის შეერთებულ შტატებს ნარკოკარტელის 29 წევრი, მათ შორის ცნობილი ნარკობარონი რაფაელ კარო კინტერო გადასცა.

აშშ კინტეროს 40 წლის წინ ამერიკელი აგენტის მკვლელობისთვის ეძებდა.

ეს ნაბიჯი, რომელიც ერთ-ერთ უმსხვილეს ექსტრადიციად ითვლება მექსიკის ისტორიაში, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად განიხილება ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების თანამშრომლობის მხრივ, წერს BBC.

"როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, კარტელები ტერორისტული ჯგუფებია, ხოლო ჩვენი სასამართლო დეპარტამენტი სრულად არის მიმართული კარტელებისა და ტრანსნაციონალური ბანდების განადგურებისკენ" - თქვა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პამ ბონდიმ 27 თებერვლის საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.

"ჩვენ ამ დამნაშავეებს კანონის სრული სიმკაცრით დავსჯით იმ მამაცი სამართალდამცავი აგენტების პატივსაცემად, რომლებმაც საკუთარი კარიერა, და ზოგიერთ შემთხვევაში სიცოცხლეც, უდანაშაულო ადამიანების ძალადობრივი კარტელების რისხვისგან დაცვას მიუძღვნეს" - ამბობს პროკურორი.

კარო კინტერო გუადალახარას კარტელის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს (DEA) აგენტის, ენრიკე "კიკი" კამარენას 1985 წელს წამებისა და მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აშშ-ს მიერ იძებნებოდა. კინტერო იმ პერიოდში დააკავეს, რის შემდეგაც მექსიკის ციხეში 28 წელი გაატარა, სანამ 2013 წელს გაათავისუფლებდნენ. ამან ამერიკული საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია.

თუმცა 2022 წელს, უკვე 70 წლის კინტერა, მექსიკის საზღვაო ძალებმა ხელახლა დააპატიმრეს.

კომენტარები