გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი ინფლუენსერი ენდრიუ ტეიტი და მისი ძმა ტრისტან ტეიტი თვითმფრინავით რუმინეთიდან აშშ-ში გაემგზავრნენ მას შემდეგ, რაც მათ სამოგზაურო შეზღუდვა მოუხსნეს.
რუმინელი მაღალჩინოსნის თქმით, ძმებმა ქვეყანა კერძო თვითმფრინავით 27 თებერვალს დატოვეს, ხოლო რუმინული მედია G4media-ს ცნობით, ისინი ფლორიდის მიმართულებით გაფრინდნენ.
ქვეყნის პროკურატურაში განაცხადეს, რომ მათ ძმებისთვის საზღვარგარეთ მგზავრობაზე შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით მოთხოვნა დააკმაყოფილეს.
"მოთხოვნა, რომ შეცვლილიყო რუმინეთის არ დატოვებაზე ვალდებულება, დაკმაყოფილდა". - განაცხადა პროკურატურამ.
თუმცა, უწყების მიხედვით, ყველა სხვა ვალდებულება ძალაში რჩება, მათ შორის, მოთხოვნა, რომ გამოცხადდნენ სასამართლოში ყოველ გამოძახებაზე.
მანამდე, გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობდა, ეიძულებინა რუმინეთის ხელისუფლება, რომ ძმებ ტეიტებზე სამოგზაურო შეზღუდვები მოხსნილიყო.
ენდრიუ ტეიტი და მისი ძმა ტრისტან ტეიტი, რომლებიც აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ორმაგ მოქალაქეობას ფლობენ, 2022 წელს რუმინეთის დედაქალაქში ტრეფიკინგის, სექსუალური ძალადობის, ფულის გათეთრებისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის ბრალდებებით დააკავეს. ძმები ბრალდებებს უარყოფენ.
FT-ის ინფორმაციით, ტეიტების საქმის საკითხი ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა თავდაპირველად რუმინეთის მთავრობასთან სატელეფონო ზარის დროს წამოჭრეს, ხოლო ამის შემდეგ - ტრამპის ელჩმა საგანგებო საკითხებში, რიჩარდ გრენელმა, როდესაც ის გასულ დღეებში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
ძმებმა ტეიტებმა გასული წლის დეკემბერში რუმინეთში ერთ-ერთ საქმეში გაიმარჯვეს მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლო მათი სარჩელი დააკმაყოფილა. ტეიტები შინაპატიმრობისგან გათავისუფლდნენ, თუმცა დღემდე რუმინეთის დატოვების უფლება არ აქვთ.
ძმებს ბრალი რუმინეთში ოფიციალურად 2023 წელს წარუდგინეს გაუპატიურების, ტრეფიკინგისა და ქალების სექსუალური ექსპლუატაციის საქმეებზე. მათთან ერთად იგივე ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინათ.
ბუქარესტის სასამართლოში გაგზავნილ საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ოთხმა ბრალდებულმა ტრეფიკინგის მიზნით რუმინეთში 2021 წელს შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ოპერირებდა. მათ წინააღმდეგ საქმის განხილვა დიდ ბრიტანეთშიც მიმდინარეობს.