გამოცემა AXIOS-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია $5-მილიონიანი ოქროს ბარათის შემოღებას გეგმავს, რომელიც პირებს აშშ-ში მუდმივ ბინადრობის უფლებას მიანიჭებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ახალი სისტემა ჩაანაცვლებს მოქმედ EB-5 პროგრამას, რომელიც 1990 წელს ამოქმედდა და აშშ-ში ინვესტიციის ჩადების სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბინადრობის ნებართვას აძლევდა.
მისი თქმით, ახალი პროგრამა ასევე იძლევა მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას.
"ჩვენ ოქროს ბარათს გავყიდით" – თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ მისი აზრით, ეს ინიციატივა ეკონომიკას გააძლიერებს.
Axios-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არის ნათელი, შეუძლია თუ არა ადმინისტრაციას არსებული პროგრამის შეწყვეტა ან შეცვლა კონგრესის თანხმობის გარეშე.
"მდიდარი ადამიანები ჩვენს ქვეყანაში ამ ბარათის შეძენით შემოვლენ. ისინი ფინანსურად ძლიერები და წარმატებულები იქნებიან, დახარჯავენ დიდ თანხებს, გადაიხდიან მაღალ გადასახადებს და შექმნიან ახალ სამუშაო ადგილებს" - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, აშშ-მ შესაძლოა 1 მილიონზე მეტი ოქროს ბარათი გაყიდოს.





