რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

Reuters: აშშ აპირებს, ევროპულ ქვეყნებს მოუწოდოს, რომ აშშ-სგან უკრაინისთვის მეტი იარაღი იყიდონ

დონალდ ტრამპი
Brandon Bell/Getty Images

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვამდე, ევროპელ მოკავშირეებს უკრაინისთვის გადასაცემად მეტი ამერიკული იარაღის შესყიდვისკენ მოუწოდოს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters საკითხზე ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროპულ ქვეყნებს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს უკრაინისთვის გადასაცემად ამერიკული შეიარაღება წარსულშიც ჰქონდათ შესყიდული.

Reuters-ის წყაროების თქმით, ამერიკელი მაღალჩინოსნები, მათ შორის უკრაინასა და რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კით კელოგი, შეიარაღების შესაძლო შესყიდვის საკითხს ევროპელ მოკავშირეებთან ამ კვირის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განიხილავენ.

წყაროების ინფორმაციით, ეს გეგმა ერთ-ერთია იმ იდეებს შორის, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციაში განიხილავენ, რათა აშშ-სთვის ხარჯის ზედმეტად გაზრდის გარეშე უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება გაგრძელდეს.

10 თებერვალს Reuters-თან ინტერვიუში კელოგმა უარი თქვა ხსენებული ცნობების დადასტურებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ "აშშ-ს ყოველთვის მოსწონს ამერიკაში დამზადებული შეიარაღების გაყიდვა, რადგან ეს ეკონომიკას აძლიერებს".

გამოცემასთან ინტერვიუში მან ასევე დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენის დროს უკრაინისთვის დამტკიცებული შეიარაღება უკრაინას კვლავ გადაეცემა.

ამავდროულად, The Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კელოგმა დროებით შეაჩერა უკრაინის სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა, რათა NATO-ს ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართოს.

გამოცემა წერს, რომ სპეციალურმა წარმომადგენელმა NATO-ს პრემიერმინისტრებსა და პრეზიდენტებთან შეხვედრები დააანონსა. მან პირობა დადო, რომ მოკავშირეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს, სანამ საბოლოოდ დაამტკიცებს ომის დასრულების გეგმას. 

მისი თქმით, მოლაპარაკებები შედგება იმაზე, თუ რა წვლილის შეტანას შეძლებენ მთავრობები სამშვიდობო შეთანხმების პროცესში. სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, მას სურს სამშვიდობო გეგმაზე ევროპელი დიპლომატების შეხედულებები მოისმინოს. 

ამას გარდა, აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა 9 თებერვალს NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ მომდევნო კვირის მანძილზე განიხილავს, თუ როგორ უნდა დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, თუმცა დაამატა, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე პასუხისმგებელი ევროპა უნდა იყოს.

უოლცის თქმით, ამ კვირაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მინისტრი, ვიცეპრეზიდენტი და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ევროპაში განიხილავენ დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები ჩამოშლის პირასაა და ამასთან, უარი თქვა ინფორმაციის დადასტურებაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს. 

როგორც რიაბკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსკოვის ურთიერთობები ვაშინგტონთან "ჩამოშლის პირას ბალანსირებს" და გაიმეორა, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება მანამ, სანამ კიევი NATO-ში გაწევრიანების "ამბიციებს არ მიატოვებს" და რუსეთის მიერ ოკუპირებული 4 უკრაინული რეგიონიდან არ გავა. 

კომენტარები