აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში, კით კელოგმა New York Post-თან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ტრამპი მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააორმაგოს.
კელოგის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აღსრულება 10-ბალიან სკალაზე "დაახლოებით სამის ნიშნულთანაა" იმის მიხედვით, თუ რაოდენ მტკივნეული შეიძლება იყოს ეკონომიკური წნეხი.
"ნამდვილად შეიძლება სანქციების გაზრდა - განსაკუთრებით, ბოლო სანქციების პაკეტის". - თქვა კელოგმა: "ამან რაიმეს მოქმედების მხრივ დიდი გასაქანი შექმნა".
ცნობისთვის, აშშ-ს სანქციების ბოლო პაკეტის სამიზნე რუსული ნავთობის წარმოება და ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" მეშვეობით მისი ექსპორტი იყო.
კელოგის თქმით, "თუკი ვინმეა, ვისაც ბერკეტები ესმის, ეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, და თქვენ ნახეთ, თუ რა გააკეთა მან ბოლო დროს".
"რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარება პრიორიტეტულია მთელი ადმინისტრაციისთვის, ამიტომ მთავრობის ყოვლისმომცველი მიდგომა გამოიყენება. ეროვნული უსაფრთხოების გუნდი საუბრობს ამაზე - პრეზიდენტი, ვიცეპრეზიდენტი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, სახელმწიფო და ხაზინის მდივნები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, ყველა ერთად მუშაობს". - თქვა კელოგმა ინტერვიუში.
New York Post-ის ინფორმაციით, ტრამპის წარმომადგენელმა თქვა, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინისთვის საჭირო იქნება, რუსეთზე სამხედრო წნეხი შეინარჩუნოს. მან ასევე ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, სტრატეგია გააკრიტიკა, რომელიც, მისი თქმით, ეროვნული სიძლიერის სხვა ფაქტორებზე წნეხის გაზრდის გარეშე უკრაინისთვის "სადამდეც საჭიროა, რამდენიც საჭიროა", იმდენი დახმარების გაწევას გულისხმობდა.
3 თებერვალს ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაცია სურს, უკრაინამ და აშშ-მ შეთანხმებას მიაღწიონ, რომლითაც უკრაინა აშშ-ს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ იშვიათ წიაღისეულს გადასცემს. ხოლო Washington Post-ის ცნობით, უკრაინა მზადაა, მსგავს შეთანხმებას ხელი მოაწეროს.
- ტრამპი: დახმარების გაგრძელების სანაცვლოდ უკრაინულ წიაღისეულზე წვდომაზე შეთანხმება გვსურს
-
WP: უკრაინა მზადაა, აშშ-ს დახმარების სანაცვლოდ წიაღისეულზე წვდომის შეთანხმებას ხელი მოაწეროს
ამის მიუხედავად, კელოგი ამბობს, რომ პრეზიდენტს პირველ რიგში "მკვლელობების შეჩერება უნდა - უბრალოდ შეჩერდეს - და მერე აქედან გააგრძელებ" სამომავლო მოლაპარაკებებს.
ტრამპის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ მიზანი მოლაპარაკებების დაწყებამდე ძალადობის შეჩერებაა, რადგან ამ ომიდან "ხალხის მოკვლით ვერ გამოხვალ", ვინაიდან, კელოგის თქმით, რუსეთის ინტერესებში არ შედის, საკუთარი არმიის რიგებში მასობრივი დანაკარგები აღკვეთოს.
"რუსეთისთვის, ეს გარკვეულწილად მათ სამხედრო მოქმედებების დნმ-შია - არსობრივად, გამოფიტვის ომში იმყოფები. ისტორიას თუ შეხედავთ, რუსებთან გამოფიტვის ომში არასდროს უნდა ჩაერთო, რადგან ისინი ასე იბრძვიან. მიჩვეულები არიან ამას. ეს ქვეყანაა, რომელიც მზად იყო - და ასეც ქნა - ექვს თვეში 700 000 დაეკარგა სტალინგრადის ბრძოლაში, და თვალიც კი არ დაუხამხამებიათ. ამიტომ, წნეხი მხოლოდ სამხედრო ვერ იქნება. ეკონომიკური წნეხიც უნდა გქონდეს, დიპლომატიური წნეხიც, გარკვეული სახის სამხედრო წნეხები და ბერკეტები, რომლებსაც მათ ქვეშ გამოიყენებ, რათა უზრუნველყო, რომ ეს იქითკენ წავა, საითკენაც გინდა, რომ წავიდეს". - განმარტა კელოგმა.
კელოგმა ასევე აღნიშნა, რომ ომი რუსეთსა და უკრაინას შორის გარკვეული ტიპის მოლაპარაკების გარეშე ვერ დამთავრდება.
"ნებისმიერ მოლაპარაკებაში ორივე მხარემ უნდა დათმოს; უბრალოდ ასე ხდება მოლაპარაკებები". - თქვა მან.
ასევე აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს ბოლოს კელოგმა სავარაუდო მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის შეიძლება გაიმართოს, 1905 წლის რუსეთ-იაპონიის ომის დასამთავრებლად გამართულ მოლაპარაკებებს შეადარა, რომელშიც გადამწყვეტი როლი აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა, თეოდორ რუზველტმა ითამაშა:
"რუსეთის ცარი და იაპონელები მზად იყვნენ, ოთახი დაეტოვებინათ და რუზველტმა ძირითადად ისინი ერთად შეკრიბა და თქვა "ორივე თქვენგანმა ცოტა უნდა დათმოთო" და ასეც მოიქცნენ". - თქვა ტრამპის წარმომადგენელმა.