სურსათის სააგენტოს ცნობით, ლაბორატოროული კვლევის შედეგად, ბაკურიანი ციდას წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა.
"სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ბავშვის წყლით - ბაკურიანი ციდა სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო წყლის სინჯები, რომლებიც აკრედიტირებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.
ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე, PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა. კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა" - წერს სააგენტო.
4 თებერვალს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაკურიანი ციდას წყალმა მცირეწლოვნის მოწამვლა გამოიწვია.
კომპანია IDS ბორჯომის განცხადებით, მათ "მყისიერი რეაგირება" ჰქონდათ და გადაამოწმეს როგორც კონკრეტულ მაღაზიაში, ასევე ცალკეულად ყველა პარტიის ნიმუში.
" ვადასტურებთ, რომ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა. ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას". - წერს კომპანია IDS ბორჯომი.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა იაშვილის კლინიკამაც. მათი ცნობით, ბავშვის ინტოქსიკაციის მიზეზები შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი.
"სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება. დღევანდელი დღის მონაცემებით, ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი. ინტოქსიკაციის მიზეზები შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია,“ - ნათქვამია განცხადებაში.





