საჯარო სამსახურის ბიურო

ივანიშვილის მთავრობა: 1-ელი აპრილიდან სამსახურის ბიურო საჯარო სსიპ-ის სახით აღარ იარსებებს

ივანიშვილის მთავრობა 1-ელი აპრილიდან სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს აუქმებს - განცხადებას ადმინისტრაცია ავრცელებს და განმარტავენ, რომ ივანიშვილის მთავრობამ გადაწყვეტილება "ხარჯების ოპტიმიზაციის" მიზნით მიიღო. 

მათივე ცნობით,  საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციას მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტები განახორციელებენ.

"საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აღარ იარსებებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით მიიღო.

აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად,  სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს არაერთი ფუნქცია გამოაკლდა. მათ შორის თანამდებობის პირთა დეკლარაციებისა და საჯარო სამსახურში ეთიკისა და კეთილსინდისიერების კონტროლის ფუნქციები, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს რეგულირების სფეროში გადავიდა.

ამ ეტაპზე საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები არსებითად შემოიფარგლება საჯარო ადმინისტრირების რეფორმაზე მუშაობით, რაც მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის დეპარტამენტთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება  და საჯარო სამსახურში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რაც მეტწილად ტექნიკურ ფუნქციას წარმოადგენს. 

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სამსახურის ბიურო თავდაპირველი ფუნქციების ერთ მესამედს უკვე აღარ ფლობს, სსიპ-ის ფორმით მისი არსებობა მიზანშეუწონელია.

აქედან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 1-ლი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიურო სსიპ-ის ფორმით აღარ იფუნქციონირებს და მის უფლებამოსილებაში დარჩენილ ფუნქციებს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტები განახორციელებენ". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები