რადიო თავისუფლების რუსული განყოფილების კორესპონდენტი, მარკ კრუტოვი წერს, რომ სირიის პორტ ტარტუსიდან რუსული სატვირთო გემის Sparta II-ის გამგზავრებასთან ერთად "დიდი რაოდენობით" რუსული სამხედრო აღჭურვილობა გაქრა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 22 იანვარს ტარტუსის პორტში ორი ხომალდი - Sparta და Sparta II - ჩავიდნენ, სადაც ასობით ერთეული რუსული მძიმე შეიარაღება, არტილერია, სამხედრო მანქანა და საბრძოლო მასალები კვირების მანძილზე იყო განლაგებული რუსი სამხედროების მეთვალყურეობის ქვეშ და გადაზიდვას ელოდებოდა.
გემებს პორტში შესვლის უფლება ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მისცეს, სავარაუდოდ, სირიიდან დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო შეიარაღების გატანის მიზნით.
რადიო თავისუფლების მიხედვით, ჯერჯერობით უცნობია, თუ სად აპირებს რუსეთი აღნიშნული აღჭურვილობის გადატანას, თუმცა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთმა ამისთვის ლიბია შეარჩია, თუმცა სხვა ვარიანტებად ასევე სუდანი და ალჟირიც განიხილება.
22 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის ახალმა რეჟიმმა რუსულ კომპანია Stroytransgaz-ს და სირიულ პორტ ტარტუსს შორის 49-წლიანი შეთანხმება გააუქმა. ამავე დღეს, ზემოხსენებული Sparta-ს გემები ტარტუსის პორტში შევიდნენ მას შემდეგ, რაც მათ სირიის სანაპიროსთან კვირების მანძილზე მოუწიათ ყოფნა.
პორტის საბაჟოს დირექტორის თქმით, "რუსულ კომპანიასთან საინვესტიციო ხელშეკრულება გაუქმებულია და მისი ყველა შემოსავალი სირიის სახელმწიფოს სარგებლობაში ბრუნდება". – წერს სირიული გაზეთი Al-watan.
ამასთანავე, 27 იანვარს რადიო თავისუფლების რუსული განყოფილების კორესპონდენტმა, მარკ კრუტოვმა X-ზე გამოაქვეყნა Planet-ის მიერ იმავე დღეს გადაღებული სურათები, რომელზეც ტარტუსის პორტიდან Sparta II-ის მეშვეობით რუსული სამხედრო აღჭურვილობის "გაქრობის" კადრებია ასახული.
კრუტოვის თქმით, სატელიტიდან გადაღებულ სურათი აჩვენებს, თუ როგორ ტვირთავენ კონტეინერებით გემს, რის შემდეგაც პორტში რუსული სამხედრო აღჭურვილობა აღარ შეინიშნება.
2019 წლის აპრილში რუსეთის ვიცეპრემიერმა იური ბორისოვმა ტარტუსის პორტის 49-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ამავე ვადით გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება კომპანია "Stroytransgaz"-თან, რომლის მთავარი ბენეფიციარიც გენადი ტიმჩენკოა.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, რუსულმა კომპანიამ პირობა დადო, რომ პორტის მოდერნიზაციაში 500 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებდა, თუმცა, სირიული გამოცემების მტკიცებით, რუსულმა მხარემ პორტის მოდერნიზება არ მოახდინა.
Al-watan-ის მიხედვით, სირიის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პორტის მუშაობა გააქტიურდა და ტარტუსში მშრალი ტვირთის გემები სხვა ქვეყნებიდან ჩადიან.
რუსეთი 2015 წლიდან ასადის რეჟიმის დასახმარებლად სამოქალაქო ომში იყო ჩართული. რუსეთს სირიაში განლაგებული ჰყავს სამხედრო ნაწილები და აკონტროლებს საზღვაო და საავიაციო ბაზებს ტარტუსსა და ხმეიმიმში.
გამომცემლობა Al Alarabiya-ს ინფორმაციით, სირიის ხელისუფლებამ ასევე აკრძალა რუსეთიდან, ირანიდან და ისრაელიდან საქონლის იმპორტი. გამომცემლობის თქმით, მოხდება ამ ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქციის კონფისკაცია.