ე.წ. ბიტკოინების საქმე

ივანიშვილის ადვოკატი: ამას მუქარის წერილს ვერ დავარქმევ, ბიტკოინები არის მითვისებული

გუშინ, 23 იანვარს ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ (ე.წ. ბიტკოინების საქმეზე), ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მისი თქმით, მას ივანიშვილმა მიწერა, რასაც ივანიშვილის ადვოკატი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამას მუქარის წერილს ვერ დაარქმევდა, "ეს იყო ჩვეულებრივი მოლაპარაკება".

"მუქარის წერილს ვერ დავარქმევ ამას. ეს იყო ჩვეულებრივი მოლაპარაკება. ეს იყო მიმართული იქითკენ, რომ შესაძლოა, მორიგება მომხდარიყო მხარეებს შორის. [...]

თქვენ თუ ნახეთ ჩემი განმარტება ამასთან დაკავშირებით, მემგონი ძალიან მარტივად ავხსენი ყველაფერი. არც ამ საქმეზე და არც სხვა საქმეებზე ასეთი რაღაცები გასაკვირი არ არის. მხარეებს შორის კომუნიკაცია ხდება. პირიქით, კარგია. [...]

მიგვაჩნია, რომ ჩვენი უფლებები არის შელახული. ჩვენი ბიტკოინები, უფრო სწორად, ჩემი მარწმუნებლის არის მითვისებული და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. არაფერი განსაკუთრებელი აქ არ არის. არავითარი "კრიმინალური შოჩიკები" არავისთვის არ აქვთ ჩართული."- ამბობს ივანიშვილის ადვოკატი.

გუშინ მან დაადასტურა, რომ მორიგებისთვის ბაჩიაშვილისგან კონკრეტული თანხა მოითხოვეს.

კომენტარები