აშშ-საქართველო

კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები აშშ-ში სენატორ როჯერ უიკერს შეხვდნენ

კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია აშშ-ში სენატორ როჯერ უიკერსს შეხვდნენ. 

ხაზარაძემ ვიზიტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ქართული ოცნება და, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილი აშშ-სგან "საკმაოდ საინტერესო სიურპრიზებს" უნდა მოელოდეს. 

"შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და ჩვენი მეგობარი სენატორები ბატონი როჯერის ხელმძღვანელობით საკმაოდ სერიოზულ მხარდაჭერას უცხადებენ იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. იგულისხმება პროტესტი, რომელსაც უწყვეტი ფორმა აქვს მიღებული და ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან. უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ საკმაოდ საინტერესო სიურპრიზებს ქართული ოცნებისთვის და, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისთვის. შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით და აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს და აუცილებლად გავათავისუფლებთ პოლიტპატიმრებს". - თქვა ხაზარაძემ TV პირველთან საუბრისას. 

ხაზარაძის თქმით, უიკერთან შეხვედრამ დაადასტურა, რომ აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში ინფორმირებულები არიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და, მათ შორის, ივანიშვილის რეჟიმის ქმედებებზე, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზას აშორებს. 

მანამდე, 15 იანვარს კოალიციის ლიდერები ამერიკელ კონგრესმენსა და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონს შეხვდნენ. ლიდერების განცხადებით, მათ უილსონს 4 პროევროპული ოპოზიციური კოალიციის მიერ შედგენილი ერთობლივი დოკუმენტი წარუდგინეს და ქართველი ხალხის მოთხოვნები გააცნეს. 

"კონგრესმენ უილსონთან საუბარი იყო ძალიან საინტერესო და აქვე დავამატებ, რომ ჩვენ გადავეცით 4 ოპოზიციური პარტიის დოკუმენტი. ამიტომ, როცა ჩვენ აქ ვართ - გასაგებია, რომ ჩვენ კოალიცია ძლიერ საქართველოს წარმოვადგენთ, მაგრამ ყველა შეხვედრაზე ჩვენ ხაზს ვუსვამდით, რომ ჩვენ წარმოვადგენთ იმ ოპოზიციას, რომელიც იბრძვის, იმ ხალხს, რომელიც ქუჩაშია და იმ დოკუმენტს, რომელიც ჩვენ, საკმაოდ დიდი შრომის შედეგად, ოთხმა ოპოზიციურმა კოალიციამ შეადგინა". - თქვა ხაზარაძემ. 

კოალიციის ლიდერები ასევე შეხვდნენ როგორც დემოკრატ, ისე რესპუბლიკელ კონგრესმენებს, მათ შორის, კეროლ მილერს, დინა ტიტუს, რონალდ ესტესს, დერიკ ვან ორდენს და მაიკლ ჰარიდოპოლს, რომელიც აშშ-ს მომავალი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვიდანაა. 

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, შეხვედრებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ის ფაქტი, რომ ქართველი ხალხისადმი აშშ-ს მხარდაჭერა ორპარტიულია. 

"კონგრესის წევრ დინა ტიტუსთან შეხვედრის შემდეგ ძალიან კარგი განწყობით ვართ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის არის საგარეო კომიტეტის ძალიან გავლენიანი წევრი კონგრესში, რომელიც მზად არის, მხარი დაუჭიროს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ემსახურება ქართველი ხალხის მხარდაჭერას, საქართველოს მხარდაჭერას და ჯო უილსონის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა არის ორპარტიული, შესაბამისად, ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ შემდგომი ნაბიჯებიც ასევე ორპარტიულად იქნება მხარდაჭერილი". - თქვა ჯაფარიძემ მედიასთან საუბრისას. 

კოალიციის კიდევ ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას თქმით კი, დონალდ ტრამპის თანაგუნდელები ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის არიან განწყობილნი, ხოლო რეჟიმის პროპაგანდა კრახისთვისაა განწირული. გეგელიამ აღნიშნა, რომ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციას "ჩინეთის, რუსეთისა და ირანის მეგობარ, ვასალ რეჟიმთან საერთო არაფერი გააჩნია". 

"ტრამპის თანაგუნდელები, ანუ, მომავალი ადმინისტრაციის საპარლამენტო გუნდი არის აბსოლუტურად განწყობილი იმისაკენ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მხარდაჭერას იმისათვის, რომ ეს პროტესტი, რომელიც ამდენი ხანია, მიმდინარეობს, იმსახურებს მათ მხარდაჭერას. ასე რომ, ახალი ადმინისტრაციის ნება ძალიან მკაფიოდ ჩანს. მინდა, ყველა ქართველმა იცოდეს, ქართული ოცნების პროპაგანდა არის განწირული კრახისათვის. ტრამპის ადმინისტრაცია და მისი საპარლამენტო გუნდი, თითქმის ყველა მათგანი ამბობს, რომ ჩინეთის, რუსეთის და ირანის მეგობარ ვასალ რეჟიმთან მათ საერთო არაფერი არ გააჩნიათ, არც ღირებულებითი თვალსაზრისით და არც პრაგმატული კუთხით. მათთვის მნიშვნელოვანი არის საქართველოს დემოკრატიის გადარჩენა". - თქვა გეგელიამ. 

ამასთან, როგორც მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ის მაღალი თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები, რომლებსაც კოალიციის წევრები შეხვდნენ, მზად არიან, "მაქსიმალურად დაუდგნენ საქართველოს გვერდში". 


"ყველა, ვისაც შევხვდით, არის აღტაცებული ქართველი ხალხის, განსაკუთრებით, ახალგაზრდების სულისკვეთებით. ეს ადამიანები მზად არიან, მაქსიმალურად დაუდგნენ საქართველოს გვერდში". - თქვა ხაზარაძემ. 

ძლიერი საქართველოს ლიდერები, ხაზარაძე, ჯაფარიძე, გეგელია და წუფურია, რომლებიც აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან, 20 იანვარს აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან. ინაუგურაციის ცერემონიაზე კოალიციის ლიდერები კონგრესმენებმა მიიწვიეს. 

"მიწვეული ვართ, მადლობა მინდა ვუთხრა იმ კონგრესმენებს, რომლებმაც მოსაწვევები მოგვცეს. 20-ში მოგაწვდით კადრებს ადგილიდან. მე, ბადრი ჯაფარიძე, გრიგოლ გეგელია და მელორ წუფურია დავესწრებით ინაუგურაციას" - თქვა ხაზარაძემ. 

კომენტარები