აქციაზე დაკავებული ანატოლი გიგაური მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურა გიგაურს პოლიციელზე ძალადობაში ადანაშაულებს. გიგაურის ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის თქმით, სასამართლოს წარუდგინეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი გიგაურს სახეში მუშტს ურტყამს.
"დღეის მდგომარეობით, სასამართლოში წარდგენილია ვიდეოჩანაწერი, სადაც კარგად ჩანს, რომ ანატოლი გიგაურის ქმედებამდე, იქამდე სანამ ხელს მოუქნევდა პოლიციელს, აღნიშნული პოლიციელი როგორ ურტყამს შეკრულ მუშტს სახეში გიგაურს. ნახა ეს ჩანაწერი მოსამართლემ და არ უარყო ის ფაქტი, რომ პოლიციელი ახორციელებს ძალადობრივ ქმედებას გიგაურის მიმართ. [...] მისი ქმედება იყო თავდაცვითი ხასიათის და გამომდინარეობდა პოლიციელის მიერ განხორციელებული ძალადობაზე პასუხად". - თქვა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა საპროტესტო აქციაზე დაკავებული 21 წლის მათე დევიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ასევე ძალაში დატოვა. დევიძეს პროკურატურა 3 პოლიციელზე თავდასხმას ედავება.