უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე, ევროკავშირმა რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკას უნდა გადახედოს. ორბანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ ომს გამოეთიშება, ევროკავშირი უკრაინის დახმარებას დამოუკიდებლად ვერ გააგრძელებს.
ამის შესახებ ორბანმა უნგრეთის სახელმწიფო რადიოს ეთერში ბუდაპეშტში EU-ს არაფორმალურ შეხვედრამდე საუბრისას თქვა.
"ამერიკელები ამ ომს გამოეთიშებიან. უპირველეს ყოვლისა, ისინი არ წაახალისებენ ამ ომს. ისინი არ იტყვიან, რომ ომი კარგი რამაა. ხალხი ბევრ რამეს ამბობს დონალდ ტრამპის შესახებ, ისინიც, ვისაც ის არ მოსწონს, მაგრამ არავის ეპარება ეჭვი ერთ რამეში, რომ ის ომს არ დაიწყებს.
ევროპა ამ ომს მარტო ვერ დააფინანსებს. კვლავ არიან ისინი, ვისაც ამ წაგებულ ომში უზარმაზარი ოდენობის ფულის დახარჯვა უნდა, მაგრამ მათი რიცხვი იზრდება, ვინც აქამდე ხმამაღლა საუბრობდნენ, ახლა კი ჩუმად არიან და ვინც ფრთხილად აჟღერებს, რომ ახლა ვითარებას უნდა მოვერგოთ". - თქვა ორბანმა.
Reuters-თან საუბრისას ევროკავშირის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან მიმართებით სტრატეგიის ცვლილების სურვილი მხოლოდ ორბანმა და სლოვაკეთის პრემიერმა, რობერტ ფიცომ გამოთქვეს, დანარჩენებმა კი თქვეს, რომ ახლანდელი სტრატეგია მუშაობს.
ბუდაპეშტში არაფორმალური შეხვედრისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ხელახლა გაიმეორა, რომ ევროპამ თავისი თავდაცვისუნარიანობა უნდა გააძლიეროს.
"რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ამ ომს უცვლელი დაუნდობლობით აგრძელებს. ერთი საკითხი საკმაოდ ცხადია: ერთად, როგორც ევროკავშირმა, როგორც ევროპელებმა, უნდა გავაკეთოთ ის, რაც ჩვენი უსაფრთხოებისთვის არის საჭირო. ეს განსაკუთრებით წარმატებული იქნება, თუ ყველა თავის წვლილს შეიტანს". - თქვა შოლცმა.
მანამდე, 3 ნოემბერს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ორბანმა თქვა, რომ აშშ-ს არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ევროპამ უკრაინაზე საკუთარი პოზიცია შესაბამისად უნდა შეცვალოს.
"ევროპას [ომის] ტვირთის ტარება მარტოს არ შეუძლია და თუ ამერიკელები მშვიდობას აირჩევენ, მაშინ ჩვენც მოგვიწევს ადაპტირება. ეს არის ის, რასაც ბუდაპეშტში განვიხილავთ".- თქვა ორბანმა.
ტრამპს აქამდე უთქვამს, რომ მას, არჩევნებში მოგების შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულება "ძალიან სწრაფად" შეუძლია, რასაც პუტინთან მის "ძალიან კარგი ურთიერთობას" უნდა ვუმადლოდეთ. ამის შესახებ ტრამპმა პირობა დადო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 27 სექტემბრის შეხვედრაზეც.
მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ "აშშ-ს სათავისოდ ყველა ქვეყანა და, მათ შორის, მოკავშირეებიც იყენებენ".
"უმეტეს შემთხვევაში, ჩვენი მოკავშირეები უარესები არიან, ვიდრე ე.წ. მტრები". - თქვა ტრამპმა.





