საქართველოს ნაკრების მორაგბე, სოსო მათიაშვილი Facebook-ზე განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების წინასაარჩევნო კლიპში ისმის მისი ხმა, რომელიც კონტრაქტის პირობების გათვალისწინებით პარტიას შეეძლო გამოეყენებინა, თუმცა მას ეს არ სურდა და ოცნების ამომრჩეველი არაა.
"ამ პოლიტუკურ "რეკლამის" დასაწყისში, მოგეხსენებათ ჩემი ხმა ადევს, რაზეც რამოდენიმე სიტყვის თქმა მინდა.
ამ ხმის გამოყენების უფლება ჰქონდათ, იმის მიუხედავად რომ მე ეს არ მინდოდა, რადგან არც ამ ამ პოლიტიკური პარტიის მომხრე ვარ, არც მათი პოლიტიკის და არც მათი ამომრჩეველი ვარ.
რაც მთავარია ეს ემოციები და ბედნიერების ხმა არ ეკუთვნის არცერთ პარტიას, ეს ხმა არის ჩემი ბედნიერებისგან გამოწვეული ემოციები, რომელიც რაგბის ნაკრებმა მაჩუქა მე, აჩუქა ქართველ ხალხს და რაც მთავარია საქქართველოს!!!" - წერს მორაგბე, სოსო მათიაშვილი ქართული ოცნების საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით.
კომენტარებში ჰკითხეს, თუ რატომ ჰქონდათ მისი ხმის გამოყენების უფლება, რაზეც სპორტსმენმა უპასუხა, რომ TV იმედზე მას მიჰყავდა თამაში, რომელიც კლიპშია გამოყენებული და "კონტრაქტში წერია, ხმის გამოყენების უფლება აქვთ"..
შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს, ქართულმა ოცნებამ სოციალურ ქსელში ახალი საარჩევნო კლიპი გამოაქვეყნა, რომელიც იდენტურად იმეორებს ვლადიმერ პუტინის საარჩევნო კლიპის სცენარს.





