თურქულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, თურქი სასულიერო ლიდერი და მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ცნობილი ოპონენტი ფეთულა გიულენი აშშ-ში, პენსილვანიის საავადმყოფოში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. გიულენი აშშ-ში 1999 წლიდან ცხოვრობდა.
გიულენი ისლამური მოძრაობა "ჰიზმეთის" (რაც თურქულად "სამსახურს" ნიშნავს) დამაარსებელი და წინამძღოლი იყო. დღემდე, თურქეთის მეორე ყველაზე გავლენიან პირად წოდებულს ერდოღანის მთავრობა 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში და მოწყობის მცდელობაში სდებს ბრალს. გიულენი ბრალდებებს უარყოფდა.
როგორც გამოცემა BBC წერს, გიულენმა სახელი თავისი ტოლერანტული ისლამის იდეის პოპულარიზაციით მოიხვეჭა. მისი მოძრაობის მიზნებს შორის იყო დასავლური სტილის განათლების, თავისუფალი ბაზრისა და რელიგიათაშორისი დიალოგის იდეების პოპულარიზაციაც.
"ჰიზმეთი" თავდაპირველად ერდოღანის ხელისუფლების მხარდამჭერი იყო, თუმცა 2013 წელს თურქეთის პრეზიდენტი მოძრაობის წინააღმდეგ წავიდა და პირობა დადო, რომ მოძრაობის მიერ გახსნილ ყველა სკოლას დახურავდა და "გიულენისტების მთავრობას" თავიდან მოიცილებდა. მოძრაობას ერდოღანი უწოდებდა "სახელმწიფოს სახელმწიფოს შიგნით".
გიულენის მხარდამჭერი პოლიციის ოფიცრებს ერდოღანის მოკავშირეების დარბევაში ადანაშაულებდნენ. 2016 წლის მაისში ხელისუფლებამ "ჰიზმეთის" მოძრაობა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
2 თვის შემდეგ, 2016 წლის ივლისში თურქეთის არმიის ნაწილმა ერდოღანის გადაგდება სცადა. აჯანყებულთა თქმით, მათი მიზანი ავტორიტარი ერდოღანისგან თურქული დემოკრატიის დაცვა იყო.
გადატრიალების მცდელობის ფარგლებში ჯარისკაცებმა სატელევიზიო არხების ოფისები დაარბიეს; აფეთქებები ისმოდა ანკარასა და სტამბოლის მასშტაბით. ცეცხლი გაუხსნეს პარლამენტისა და პრეზიდენტის კაბინეტის შენობებსაც.
თუმცა, აჯანყებულებმა საზოგადოების მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს და მოუწიათ, დანებებულიყვნენ. მომხდარს
მთავრობამ გადატრიალების მოწყობის მცდელობა გიულენს დააბრალა. გიულენმა კი მომხდარი უმკაცრესად დაგმო და ბრალდებები კატეგორიულად უარყო.
გადატრიალების მცდელობას, სულ მცირე, 251 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 2200-ზე მეტი ადამიანი. მომხდართან სავარაუდო კავშირის გამო, დააპატიმრეს 70,000-ზე მეტი, ხოლო სამსახურებიდან დაითხოვეს 160,000-ზე მეტი ადამიანი.





