6 ოქტომბერს ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში ავტობუსის გაჩერებასთან შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი ქალი დაიღუპა, 10 კი დაიჭრა.
სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. თვითმხილველებმა ისრაელურ მედია N12 News-თან განაცხადეს, რომ მათ დაინახეს, თუ როგორ ესროლეს სამხედროებმა თავდამსხმელს.
პოლიციის თქმით, შემთხვევა ტერორისტული თავდასხმა იყო, თუმცა მათ თავდამსხმელის ვინაობის შესახებ დეტალები არ გაუვრცელებიათ.
1 ოქტომბერს ისრაელში კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა, როდესაც თელ-ავივში 2-მა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 - დაიჭრა.





