17 სექტემბერს კრაკოვის აეროპორტში უკრაინელი მოკრივე და მსოფლიო ჩემპიონი ოლექსანდრ უსიკი დააკავეს. შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უსიკს ესაუბრა და ის გაათავისუფლეს.
"ვესაუბრე ოლექსანდრ უსიკს, როცა ის დაკავებული იყო. აღშფოთებული ვიყავი ჩვენი ქვეყნის მოქალაქისა და ჩემპიონის მიმართ ასეთი მოპყრობით. უკრაინის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებს დავავალე, რომ დაუყოვნებლივ გარკვეულიყვნენ ინციდენტის ყველა დეტალში". - თქვა ზელენსკიმ.
უსიკის თქმით, მისი დაკავების დროს გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. მან უკრაინელ დიპლომატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პოლონური წყაროს ცნობით კი, უსიკი აეროპორტში აგვიანებდა და ავტომობილით სიჩქარის ლიმიტს მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რაც მისი დაკავების მიზეზი გახდა.
მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგაც, რომელმაც უსიკის დაკავებას არაპროპორციული და მიუღებელი ქმედება უწოდა, რის შესახებაც პოლონურ მხარეს ოფიციალურ ნოტას გაუგზავნიან.





