ივანიშვილის ბაობაბები

დენდროლოგიური: ცრუ საჩივრების გამო ბაობაბების გადმორგვა გაჭიანურდა, რვავე ხე გახმა

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, "ჩასაფრებული პოლიტიკანების" და "მათ შირმად ქცეული" NGO-ების "ცრუ ბრალდებებზე აგებული საჩივრების" გამო, ბაობაბების კენიიდან საქართველოში გადმოტანის პროცესი გაჭიანურდა და რვავე ხე გახმა. მათი მტკიცებით, "გაუთავებელი სატელეფონო ზარები კენიის სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნებთან" მიზნად ისახავდა პროექტის ჩაშლას. 

"როგორც კი [კენიიდან დენდროლოგიურში ბაობაბების გადმორგვის პროექტის შესახებ] ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა და მათ შირმად ქცეულმა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს ამჯერად აფრიკის კონტინენტზე. მათი ცრუ დასმენებისა და ყალბი ალარმისტული საჩივრების გამო, ძლიერ შეფერხდა კანონის სრული დაცვით მიმდინარე მცენარეთა გადმორგვის პროცესი.

ნაცმოძრაობის სიცრუის ტექნოლოგია უცვლელია. ფეიკ-ნიუსები, ცრუ ბრალდებებზე აგებული საჩივრები და რაც მთავარია, გაუთავებელი სატელეფონო ზარები კენიის სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნებთან (ქვეყნის პრეზიდენტის ჩათვლით), მიზნად ისახავდა ამ უნიკალური პროექტის ჩაშლას. პროცესის შესაფერხებლად უხმობდნენ ცრუ დაქირავებულ ექსპერტებს, აყალბებდნენ ფაქტებს, კენიურ ბაობაბებს ასაღებდნენ წითელ წიგნში შეტანილ მადაგასკარულ ბაობაბებად. ამ ყველაფრის გამო პროექტის განმახორციელებლებს მოუწიათ მრავალგზის აეღოთ ერთი და იგივე დასკვნები, ფიტოსანიტარული ცნობები, სხვადასხვა უწყების ნებართვები და ა.შ.. დაუსრულებელ ბიუროკრატიულ მორევში იკარგებოდა ძვირფასი დრო.

საბოლოოდ სამართალმა აფრიკაშიც გაიმარჯვა და ყველა ცრუ ბრალდება კენიის სასამართლოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უარყოფილ იქნა, მაგრამ მავანმა მაინც მოახერხა პროექტისთვის ზიანის მიყენება.

დროში გაწელვის შედეგად, 2021 წელს გრუნტიდან ამოღებულმა ხეებმა, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო 2023 წლის ოქტომბრამდე ვერ მოაღწია საქართველომდე. მხოლოდ 2023 წლის 08 ნოემბერს მოხერხდა მათი ნიადაგში ჩარგვა. იქამდე კი აფრიკელ „გიგანტებს“ მოუწიათ ამოთხრილ მდგომარეობაში თითქმის ორწლიანი მოცდა მათთვის სრულიად შეუსაბამო გარემო პირობებში, სადაც მათ შესაბამისი მოვლა-პატრონობაც მოაკლდათ. სამწუხაროდ მსგავს სტრესს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია ამ უნიკალური მცენარეებისთვის და საქართველოში გრუნტში ჩარგვიდან 6-7 თვის გასვლის შემდეგ რვავე ბაობაბის ხე გახმა". - ნათქვამია განცხადებაში.

დენდროლოგიურის ადმინისტრაცია ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად "მეცენატი ბიძინა ივანიშვილის" დამსახურებითა და თაოსნობით განხორციელებული ამ უნიკალური პროექტის მნიშვნელობისა, "პროექტის ინიცირების დღიდან ენმ-ს მიერ კონტროლირებადი მედია ცდილობს, ჩირქი მოცხოს ამ უნიკალურ წამოწყებას, მის ავტორსა და განმახორციელებელს".

კომენტარები