სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჩეხი დიპლომატი, მაგდალენა გრონო გახდება. ინფორმაციას ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.
"პოლიტიკურმა და თავდაცვის კომიტეტმა ახლახან დაამტკიცა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენლად მაგდალენა გრონოს დანიშვნა. ნომინაციას ფორმალურად ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს.
გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!" - წერს ჩეხეთის წარმომადგენლობა X-ზე.
გრონო თანამდებობაზე ესტონელ დიპლომატს, ტოივო კლაარს ჩაანაცვლებს. კლაარი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციას 2017 წლიდან იკავებდა.
გრონო საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უფროსი მრჩევლის პოზიციას იკავებდა. მიმდინარე წლის მაისში ის მიშელის მთავარი დიპლომატიური მრჩეველი გახდა.





