ცვლილება საარჩევნო კოდექსში

პარლამენტმა ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი გააუქმა

პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მე-3 მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი უქმდება, რომელიც საარჩევნო პერიოდში იქმნება. აღნიშნული ცვლილების მომხრე 80 დეპუტატი იყო.

ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგება. როგორც ოცნების კანონპროექტში წერია, ამ ჯგუფის გაუქმების მიზეზი ისაა, რომ ის რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც კანონპროექტისვე მიხედვით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის უქონლობითაა გამოწვეული. 

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ დაწერა, რომ ამ საკონსულტაციო ჯგუფს, სხვა ფუნქციებთან ერთად, საარჩევნო დავებთან დაკავშირებით ცესკოსთვის რეკომენდაციები უნდა წარედგინა და ასევე, კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესს დაკვირვებოდა.

გარდა ამისა, ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად სრული შემადგენლობის მინიმუმ 2/3-ის მხარდაჭერის აუცილებლობა. ცვლილების მიხედვით, თუ გადაწყვეტილებას მხარი არანაკლებ ორმა მესამედმა არ დაუჭირა, მაშინ საკითხი კენჭისყრაზე ხელახლა გავა და მის მისაღებად მხოლოდ ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა იქნება საჭირო. 

კომენტარები