ილია თოფურია

საქართველოს პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

კადრი ვიდეოდან

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა - ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტმა თოფურიას პირადად გადასცა.

ზურაბიშვილმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, თოფურიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი, როგორც წარმატებული სპორტსმენის მაგალითი ქართველ ახალგაზრდებზე დადებითად იმოქმედებს. ამასთან, პრეზიდენტი თოფურიას მიერ ორმაგი მოქალაქეობის ქონის საკითხს შეეხო.

"არანაკლებად მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ მოისურვეთ, დროულად შენარჩუნებული ყოფილიყო საქართველოს მოქალაქეობა - ესეც არის დღევანდელ დღეს ძალიან სერიოზული გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ცხოვრობს და მოღვაწეობს უცხოეთში, რომ დროულად, თვითონ გამოიჩინონ ეს სურვილი... ეს სურვილი მათგან და თქვენგან ნიშნავს, რომ ინარჩუნებთ კავშირს ქვეყანასთან - რაც არ უნდა წარმატებული იყო, მაინც გინდა, რომ ატარო საქართველოს დროშა და იყო მისი წარმომადგენელი. ამისთვის მე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს, მინდა უღრმეს მადლობა მოგახსენოთ". - თქვა ზურაბიშვილმა.

UFC-ის ჩემპიონმა პრეზიდენტსა და ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

"ძაან დიდი პატივია ამ ტიტულის მიღება ჩემთვის. საქართველოდან წავედი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და დღეს აქ რომ ვბრუნდები და ასეთი სახის ტიტულს ვიღებ, ეს სიამაყით მავსებს [...] ეხლა მალე წავალთ, საქართველოს ნაკრებს დავუჭერ მხარს და გავამარჯვებინებთ აუცილებლად. უდიდესი მადლობა ყველას მოსვლისთვის. გაუმარჯოს საქართველოს!" - თქვა თოფურიამ ორდენის მიღების შემდეგ.

კომენტარები