ილია თოფურია

კობახიძე იუსტიციის სამინისტროს და პრეზიდენტს მიმართავს, თოფურიას მოქალაქეობა შეუნარჩუნდეს

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა და ჩემპიონობა მიულოცა - ამის შესახებ პრემიერი სოციალურ ქსელში წერს. კობახიძე იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის საქართველოს მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.

"შეხვედრა მქონდა UFC-ის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან.

სპორტსმენს გამარჯვება მივულოცე და აღვნიშნე, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება მნიშვნელოვანი და ძალიან საამაყოა. დავინტერესდი ილია თოფურიას სამომავლო გეგმებით და წარმატებები ვუსურვე.

ჩემპიონთან საუბრისას ხაზი გავუსვი იმ ფაქტსაც, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მივმართავ, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად". - წერს კობახიძე Facebook-ზე.

ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, ილია თოფურია, რომელიც ესპანეთში თითქმის 15 წელია ცხოვრობს, ესპანეთის მოქალაქე გახდა

UFC-ის ჩემპიონი საქართველოში 18 მარტს, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვიდა - თოფურია 21 მარტს, დინამო არენაზე ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე საჩემპიონო ქამარს წარადგენს. 

კომენტარები