შსს

ტაქსის მძღოლი პოლიციის მაღალჩინოსანს ძალადობაში ადანაშაულებს – შსს უარყოფს

ტაქსის მძღოლი შსს-ს მაღალჩინოსანს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს - ინფორმაციას შემთხვევის შესახებ მძღოლის ადვოკატი ავრცელებს. 

ადვოკატის თქმით, გამოკითხვაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ განემარტა არცერთი მისი უფლება და პოლიციის უფროსის მოადგილემ მასზე ფიზიკურად იძალადა. 

"ის ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ აპირებდა ამ ჩანთის ისედაც წარდგენას, თუმცა მას არ განემარტა არცერთი მისი უფლება, მათ შორის, ადვოკატის ყოლის უფლება, რომ ეს გამოკითხვა ნებაყოფლობითია და ა.შ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მასზე მოხდა ძალადობა პოლიციის თანამშრომლის მიერ და როგორც მიყვება, ვინმე ნათიკ აშიროვის მხრიდან მოხდა მასზე ძალადობა. ხუთჯერ თავის არეში ჩამარტყაო, მუშტით მცემაო, შემეშინდა, რომ კიდევ არ დამარტყასო და ჩანთა მას შემდეგ მოვიტანეო. როგორც გავარკვიე, ნათიკ აშიროვი არის პოლიციის უფროსის მოადგილე" - ამბობს ადვოკატი TV პირველთან. 

უწყება მედიაში გავრცელებულ ცნობებს უარყოფს. როგორც შსს-ს განცხადებაში წერია, მცდარია ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულზე იძალადეს. "ასევე, მცდარია დაკავებულის უფლებადამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ე.გ.-მ პოლიციის განყოფილებაში თავად მიიტანა ნაქურდალი ნივთი" - წერია შსს-ს განცხადებაში.

"16 მარტს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ი.-ს მიმართვის საფუძველზე, დაიწყეს გამოძიება ქურდობის ფაქტზე. დაზარალებულმა ჩანთის ქურდობის ფაქტზე გააკეთა შეტყობინება, სადაც მოთავსებული იყო, 15 600 აშშ-დოლარი და სხვადასხვა დოკუმენტი.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულ მოქალაქეს ჩანთა დარჩა ერთ-ერთი კომპანიის ტაქსის საბარგულში, რომელიც შემდგომ ტაქსის მძღოლმა თავის დროებით საცხოვრებელ სახლში დამალა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ჩანთა და თანხა ე.გ.-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სამართალდამცველებმა დაკავებულზე იძალადეს არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციას.

ასევე, მცდარია დაკავებულის უფლებადამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ე.გ.-მ პოლიციის განყოფილებაში თავად მიიტანა ნაქურდალი ნივთი.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს" - წერია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები