როინ შავაძის საქმე

მსაჯულებმა როინ შავაძის საქმეზე 2 პირი დამნაშავედ ცნეს – მათ 12-12 წლით პატიმრობა მიესაჯათ

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ნაჭყებიამ პროცესზე ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება გამოაცხადა და მსჯავრდებულებს 12-12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

პროცესის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, ლაშა ბიწაძემ და თქვა, რომ 12 ნაფიცი მსაჯულის სახით დღეს გადაწყვეტილება ქართულმა საზოგადოებამ მიიღო.

"დღეს ქართულმა საზოგადოებამ, 12 ნაფიცი მსაჯულის სახით, კიდევ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას სურს სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება. ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ადამიანებს ასამართლებენ მტკიცებულების საფუძვლებზე ობიექტური არბიტრები და არა ისეთ ქვეყანაში, სადაც 2008 წლის 16 აგვისტოს კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა, ყოველგვარი მტკიცებულების არსებობის გარეშე, სასტიკად ჩაცხრილეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, ჯარისკაცი როინ შავაძე". - თქვა პროკურორმა, ლაშა ბიწაძემ.

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი კიდევ 8 პირს აქვს წარდგენილი.

2023 წლის 27 ივლისს როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. მაშინ 8 პირი დააკავეს, 2 ადამიანის მიმართ კი სამართლებრივი ძებნა გამოცხადდა, ისინი 2024 წლის 12 თებერვალს დააკავეს.

კომენტარები