უნგრეთი-ჩინეთი

უნგრეთის შსს: მომავალში უნგრელ და ჩინელ პოლიციელებს პატრულირება ერთად შეეძლებათ

AP Photo/Ng Han Guan

უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, შანდორ პინტერსა და ჩინეთის საჯარო უსაფრთხოების მინისტრს, ვანგ ქსიაოჰონგს შორის დადებული შეთანხმების თანახმად,  უნგრელი და ჩინელი პოლიციელები უნგრეთის ზოგიერთ ადგილს ერთობლივ პატრულირებას გაუწევენ. ამის შესახებ უნგრული გამოცემა Telex-ი წერს.

როგორც გამოცემას უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეატყობინა, თანამშრომლობის ერთ-ერთ  მიზანს ორივე ქვეყანაში ტურისტული პიკის პერიოდის დროს ტურისტული ადგილების უსაფრთხოების დონის ამაღლება წარმოადგენს. 

"მომავალში ორივე ქვეყნის პოლიციელებს შეეძლებათ, საპატრულო საქმე ერთად შეასრულონ, შესაბამისად გააუმჯობესებენ ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ხელისუფლებებს შორის კომუნიკაციასა და შიდა უსაფრთხოებას თუ საჯარო წესრიგს". - დაწერა უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ Telex-ის საპასუხოდ.

სამინისტრო ასევე წერს, რომ ასეთი შეთანხმებები უნგრეთს სხვა ქვეყნებთან, მაგალითად ხორვატიასთან და ავსტრალიასთან, უკვე აქვს. 

"მსგავსი შეთანხმებები უპრეცედენტო არ არის, უნგრელი პოლიციელები ტურისტული პიკის სეზონის დროს თავიანთ ხორვატ კოლეგებს რეგულარულად ეხმარებიან, ხოლო ავსტრალიელი სამართალდამცავები უნგრელ კოლეგებთან ერთად ბალატონის ტბასთან უკვე პატრულირებენ". - წერს უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თუმცა, შეთანხმების კრიტიკოსთა თქმით, ჩინეთი პოლიციას უნგრეთში მცხოვრები თავისი მოქალაქეების გასაკონტროლებლად გამოიყენებს. ესპანეთში დაარსებული ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია, Safeguard Defenders, რომელიც ჩინეთში ადამიანთა გაუჩინარებებს იძიებს, ამბობს, რომ უნგრეთში უკვე ჩინეთის პოლიციის ორი განყოფილი მუშაობს, რომლებსაც კომუნისტური პარტია დიასპორის იდეოლოგიური კონტროლისთვის იყენებს. უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ასეთი პოლიციის განყოფილებების არსებობას უარყოფს.

კომენტარები