არჩევნები 2024

პოლარიზაცია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – NDI წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

NDI
1tv

დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის (NDI)-ს შეფასებით, საქართველოში საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს, მათ შორისაა, პოლარიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი თავდასხმები, პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით ადმინისტრაციული რესურსების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესახებ არსებული ეჭვები და ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული კითხვები.

"არჩევნებამდე რვა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე არაერთი დადებითი ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის: მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი მხარდაჭერა, საზოგადოების დადებითი განწყობა პოლიციის მიმართ, მოსახლეობის აღქმით წვრილმანი კორუფციის შემცირებული დონე, გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკის განახლება და არჩევნების დღის პროცესების გაუმჯობესების მიზნით ინოვაციების დანერგვა.

ამავდროულად, არსებობს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს: პოლარიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების) წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი თავდასხმები, პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით ადმინისტრაციული რესურსების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესახებ არსებული ეჭვები და ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული კითხვები" - წერია NDI-ს რეკომენდაციებში.

NDI-ს წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო დელეგაციის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები პრესკონფერენციაზე წარადგინეს. 

 “2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საკმარისი დრო არის დარჩენილი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს არჩევნებისთვის ხელსაყრელი გარემო, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარების  გზაზე.” - თქვა ევა ბუშამ, დელეგაციის წევრმა და NDI ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა.

დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, საქართველოში წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია 19-25 თებერვალს იმყოფებოდა. დელეგაცია 2024 წლის 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაგეგმილი ორი წინასაარჩევნო მისიიდან პირველს
წარმოადგენდა.

კომენტარები