იუნკერების ხსოვნის დღე

მე კი არა, მთელი მოსახლეობა უნდა ესწრებოდეს – პრეზიდენტი იუნკერების მემორიალთან მივიდა

ზურაბიშვილი იუნკერების მემორიალთან
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"ეს არის ისეთი დღე, რომელსაც მე კი არა, მთელი მოსახლეობა უნდა ესწრებოდეს" - თქვა კოჯორში, იუნკერების მემორიალთან მისულმა სალომე ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი არ მიიწვიეს პარლამენტის ეზოში, იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე, რომელსაც სახელმწიფოს სხვა ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

"სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის" - წერია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრესსამსახურის ცნობითვე, პრეზიდენტმა დღეს გვირგვინით შეამკო კოჯორში იუნკერების მემორიალი და პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებული იუნკერების მემორიალური დაფა. 

ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის მონაწილეობა ღონისძიებაში არ ყოფილა გათვალისწინებული. 

"წელს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არ ყოფილა გათვალისწინებული. შარშან ის იყო მოწვეული და არ მოვიდა ღონისძიებაზე. ჰკითხეთ მას მიზეზი, რატომ არ მოვიდა. ის შარშანაც არ იყო და წელს არ მოგვიწვევია" - თქვა პაპუაშვილმა. 

23 თებერვალი 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღეა. 

კომენტარები