ორბიტული ანტისატელიტური ბირთვული იარაღი

"სერიოზული საფრთხეა" – რა ვიცით რუსეთის ორბიტულ ანტისატელიტურ ბირთვულ იარაღზე

კოსმოსური რაკეტმზიდი Союз-ФГ
Алексей Филиппов / РИА Новости

14 თებერვალს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ გაავრცელა ცნობა, რომ არსებობს "საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის", რაც დაკავშირებულია "დესტაბილიზაციის შესაძლებლობის მქონე უცხოურ სამხედრო საშუალებებთან". როგორც მედიები წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, საქმე ეხებოდა რუსეთის ორბიტულ ბირთვულ იარაღს.

ამის შემდეგ აშშ-მ კონგრესი და ევროპელი მოკავშირეები გააფრთხილა, რომ რუსეთი მუშაობს კოსმოსში განსათავსებელ ბირთვულ იარაღზე, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ამერიკულ ხელოვნურ თანამგზავრთა ქსელს. მსგავსი დანადგარის დანიშნულება არ იქნება ბირთვული დარტყმების მიტანა სახმელეთო ობიექტებზე, არამედ მისი კოსმოსში გამოყენება, სატელიტუი კავშირების გასათიშად და გასანადგურებლად.

როგორც ამერიკულ მედიებთან წყაროები ამბობდნენ, ეს ინფორმაცია წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის ლიდერებსა და მათ დამხმარეებს ერთ კვირაზე მეტია რაც გააჩნდათ. ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდა სენატის სადაზვერვო კომიტეტსაც.

სატელიტსაწინააღმდეგო ორბიტულ იარაღს გამოყენების შემთხვევაში შეეძლება ამერიკისა და მისი მოკავშირეების სამოქალაქო კომუნიკაციების, დაზვერვისა და სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო კავშირების განადგურება შეეძლება. როგორც The New York Times-თან საუბარში ყოფილმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, აშშ-ს ამჟამად არ აქვს იარაღი, რომელიც მსგავს სისტემას შეაკავებს.

მნიშვნელოვანია, რომ სამეთაურო-საკონტროლო სატელიტები აშშ-ს ბირთვული იარაღის მართვისა და დამიზნებისთვის სჭირდება.

საფრთხესთან დაკავშირები სადაზვერვო ინფორმაციამ, რომელიც დეტალურად ცნობილი არაა, გააჩინა კითხვები, ხომ არ აპირებს რუსეთი 1967 წლის კოსმოსის შეთანხმების დატოვებას. ეს ხელშეკრულება კრძალავს ორბიტული ბირთვული იარაღების განთავსებასა და გამოყენებას. თუმცა, მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, რომ რუსეთი ჯერჯერობით არაა ახლოს მსგავსი იარაღის დასრულებასთან, შესაბამისად, საფრთხე საჩქარო არაა.

აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაცია თავდაპირველად ნაწილობრივ ცნობილი გახდა 14 თებერვალს. საფრთხის არსებობის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკლ ტერნერმა. მან პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა, რომ გაესაჯარაოებინა ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

"პრეზიდენტ ბაიდენს ვთხოვ საფრთხესთან დაკავშირებული მთელი ინფორმაციის დეკლასიფიკაცია მოახდინოს, რათა კონგრესმა, ადმინისტრაციამ და ჩვენმა მოკავშირეებმა ღიად განიხილონ ამ საფრთხის საპასუხო ქმედებები." – თქვა ტერნერმა.

წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის წარმომადგენლებმა 13 თებერვალს გადაწყვიტეს, რომ მხარი დაეჭირათ ამ გასაიდუმლოებული ინფორმაციის პალატის ყველა წევრისთვის გაზიარებისთვის. ახლა ცნობებზე წვდომა უკვე სენატის წევრებსაც გააჩნიათ. უცნობია რამ განაპირობა ტერნერის მიერ ამ ცნობების ახლა გავრცელება, თუმცა POLITICO ვარაუდობს, რომ ასე წარმომადგენელი შეიძლება ცდილობდეს, რომ ხაზი გაუსვას უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების საჭიროებას. სენატმა გასულ დღეებში მიიღო პრობლემური კანონპროექტი, რომელიც კიევისთვის $60-მილიარდიან დახმარებასაც მოიცავს. ეს კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამაც უნდა დაამტკიცოს.

თავდაპირველად ABC News-მა დაწერა, რომ სადაზვერვო ინფორმაცია ეხებოდა რუსეთის ორბიტულ სატელიტსაწინააღმდეგო ბირთვულ იარაღს. როგორც ყოფილმა მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, თანამგზავრების საწინააღმდეგო დანადგარის კოსმოსში გაშვება ახლო მომავალში არ მოხდება და ამ პროცესის შესაჩერებლად არსებობს სამოქმედო დრო. მათ არ დაუკონკრეტებიათ დაახლოებით დროის რამხელა მონაკვეთზეა საუბარი.

სატელიტური ბირთვული იარაღის განთავსების იდეებმა და შიშებმა სათავე ჯერ კიდევ 50 წლის წინ აიღო. აშშ მსგავს ტექნოლოგიაზე ცდებს ატარებდა, თუმცა კოსმოსში ეს სისტემები არასდროს განუთავსებია. ათწლეულების განმავლობაში ამ პროექტზე მუშაობდა რუსეთიც. აშშ-ს სამხედრო მაღალჩინოსნები აჟღერებდნენ გაფრთხილებებს, რომ რუსეთი და ჩინეთი მზარდად მიიწევდნენ წინ კოსმოსის მილიტარიზაციაში, განსაკუთრებით ისეთ სისტემებზე, რაც მოწინააღმდეგეებს კომუნიკაციის საშუალებებს დაუხშობს.

გასულ წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმული იყო რუსეთის მუშაობა მსგავს სისტემებზე, თუმცა აღნიშნული იყო ისიც, რომ მოსკოვი თავს იკავებდა გამოეყენებინათ შემუშავებული სატელიტსაწინააღმდეგო საშუალებების სრული სპექტრი.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხის გასაჯაროებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატეს ბაიდენის ადმინისტრაციაში. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მან ჩანიშნა საიდუმლო შეხვედრა აშშ-ს კონგრესის ლიდერებთან მანამ, სანამ ტერნერი ინფორმაციის გასაჯაროებას მოითხოვდა, თუმცა არ დაუზუსტებია, შეეხება თუ არა საუბარი ამ კონკრეტულ საკითხს. სალივანმა დამატებითი კომენტარებისგან თავი შეიკავა. მან ასევე აღნიშნა, რომ ტერნერის განცხადებამ ის გააკვირვა.

"დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ბაიდენი, საკუთარი გადაწყვეტილებებით, უზრუნველყოფ ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას." - თქვა ჯეიკ სალივანმა.

თეთრი სახლის მაღალჩინოსნებს ეშინიათ, რომ ორბიტულ ბირთვულ იარაღზე სადაზვერვო ცნობის გასაჯაროებით დაკარგავენ მნიშვნელოვან წყაროს, ვისი საშუალებითაც პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაცია გააჩნიათ.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენელმა, რესპუბლიკელმა მაიკლ ვალცმა გააკეთა კომენტარი, თუ რატომ მიიჩნია ტერნერმა ამ ინფორმაციის გასაჯაროება საჭირო. მისი თქმით: "ამ საკითხს ახლა თუ არ მოვაგვარებთ შესაფერისად, თუ ადმინისტრაცია არ მიიღებს მკაცრ ზომებს, ეს შეიძლება თამაშის წესების გეოსტრატეგიული შემცვლელი გახდეს. სწორედ ამიტომ გადადგა თავმჯდომარე ტერნერმა ეს მოულოდნელი ნაბიჯი".

წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენლებმა ამერიკულ მედიებთან თქვეს, რომ სადაზვერვო ინფორმაცია "შემაშფოთებელია" და ასევე აღნიშნეს, რომ ეს "სერიოზული საკითხია, თუმცა არაა უახლოეს მომავალში მოსალოდნელი კრიზისის."

ამას გარდა CNN-თან სამმა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რამდენად დახვეწილია სატელიტსაწინააღმდეგო სისტემა, რომელზეც რუსები კვლავ მუშაობენ და კოსმოსში ჯერ არ განუთავსებიათ.

აღსანიშნავია, რომ 9 თებერვალს რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა პლასეცკის კოსმოდრომიდან გაუშვეს კოსმოსური რაკეტმზიდი Союз-2.1в. როგორც თავდაცვის სამინისტრო წერდა, რაკეტა გაუშვეს "კოსმოსური აპარატით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინტერესების შესაბამისად."

გასულ წლებში აშშ საუბრობდა იმ რაკეტების საფრთხეზე, რომლებიც ხმელეთიდან აფრინდებოდა და ორბიტაზე ხელოვნურ თანამგზავრებს გაანადგურებდა. 2021 წელს რუსეთმა გამოცადა სატელიტსაწინააღმდეგო რაკეტა. სამიზნე იყო საკუთარი ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც 1 500-მდე ნამტვრევად დაიშალა, რამაც შეიძლება ორბიტაზე მდებარე სხვა ობიექტებს საფრთხე შეუქმნას.

 

კომენტარები