G7-რუსეთი

BLOOMBERG: ტანკერების ნახევარმა რუსეთიდან ნავთობის ტრანსპორტირება შეწყვიტა

REUTERS/Tatiana Meel

Bloomberg-ის ინფორმაციით, 50 ტანკერიდან დაახლოებით ნახევარმა, რომლებიც 2023 წლის ოქტომბრიდან აშშ-ს სანქციებს ექვემდებარებიან, რუსეთიდან ნავთობის ტრანსპორტირება შეწყვიტა. როგორც გამოცემა წერს, ეს ადასტურებს, რომ შეზღუდვების გამკაცრება მოსკოვზე ზეწოლას რეალურად ზრდის.

ამასთან, Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში 14 ტანკერი, რომლებსაც რუსული ნავთობი ინდოეთში გადაჰქონდათ, გადადიოდნენ დრეიფზე ან სინგაპურის აღმოსავლეთით წყლებში უშვებდნენ ღუზას. გამოცემის ინფორმაციით, დანიშნულების ადგილის მიღწევამდე ტანკერების ნახევარი უკან გამობრუნდა. გარდა ამისა, Bloomberg-ის ცნობით, სანქციების გამკაცრებამ გამოიწვია ის, რომ ბერძნულმა ტანკერებმა უარი თქვეს რუსული ნავთობით ვაჭრობაზე.

გასული წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და G7-ის სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრის კანონის მკაცრი აღსრულების შესახებ განაცხადეს. ქვეყნების ლიდერებმა ისაუბრეს კომპანიებზე დაწესებული გამკაცრებული შეზღუდვების შესახებაც, იმ შემთხვევაში თუ ისინი 1 ბარელ რუსულ ნავთობს 60 დოლარზე მაღალ ფასად იყიდიდნენ. 

2022 წლის დეკემბერში ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა დააწესეს რუსული ნავთობის ფასის ჭერი, რომელიც ზღვით მიწოდებული რუსული ნედლი ნავთობის მაქსიმალურ ფასს ბარელზე 60 დოლარამდე ადგენს. ამის პარალელურად, თებერვლიდან ნავთობპროდუქტებზე ფასებიც შეზღუდულია: მსუბუქი ნავთობპროდუქტების ზედა ზღვარი ბარელზე 100 დოლარია, მძიმე ნავთობპროდუქტებზე - 45 დოლარი.

სანქციების მიუხედავად, მოსკოვი აგრძელებს ნავთობის მიყიდვას ქვეყნებისთვის, რომლებიც არ შეუერთდნენ სანქციებს.

Bloomberg-ის ცნობით, 2023 წელს ზღვით მიწოდებული  რუსული ნავთობის თითქმის სრული რაოდენობა იყიდებოდა დადგენილ ზედა ზღვარზე მაღალ ფასად.

კომენტარები