რუსეთი

რუსეთში, სავარაუდოდ, ინტერნეტის უდიდესი გათიშვა მოხდა

30 იანვარს რუსეთში, სავარაუდოდ, ყველაზე ფართომასშტაბური ინტერნეტგათიშვა მოხდა

მომხმარებლები, რომლებიც დომენი .RU-ს ზონაში იმყოფებოდნენ, რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ხსნიდნენ ვებგვერდებს, აპლიკაციებსა და სხვა სერვისებს.

შეფერხება შეეხო რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-სა და იანდექსის სერვისებსაც, ასევე სახელმწიფო საიტებსა და ბანკებს. რუსულ საიტებზე წვდომა შეფერხებული იყო რუსეთის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ხალხისთვისაც.

გათიშვა სავარაუდოდ უკავშირდება DNS-ის (Domain Name System) მუშაობის შეფერხებას. ეს არის იერარქიული, დეცენტრალიზებული სისტემა ადამიანისთვის ხელსაყრელი დომენური სახელების ციფრულ IP მისამართებად გადასაყვანად.

როგორც რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტრომ დაადასტურა, .RU ზონაში დაირღვა DNSSEC-ის სისტემის მუშაობა. ეს არის DNS-ის პროტოკოლის გაფართოებული ნაკრების სახელი. სისტემა იცავს მონაცემებს ჩანაცვლებისგან და ადასტურებს მათ ავთენტურობას.

რუსულ დამოუკიდებელ მედიებში შეფერხების მიზეზად სამ თეორიას ასახელებენ: 1. წარმატებული ჰაკერული თავდასხმა; 2. დომენი .RU-ს ზონის ადმინისტრატორების შეცდომა; 3. რუნეტის (რუსულენოვანი ინტერნეტი) სრული იზოლაციის პირობებში მუშაობის წარუმატებელი გამოცდა.

უფლებების დამცველი პროექტი Сетевые Свободы (ქსელური თავისუფლება) შეჯერდა შემდეგ ვერსიაზე: "რუსეთის ხელისუფლება დიდი ხანია გვაფრთხილებდა, რომ ეცდებიან ქვეყნის ყველა მომხმარებლის DNS-ის ნაციონალურ სერვერზე გადაყვანას. სავარაუდოდ, ახლა სწორედ ეს მიმდინარეობს .ru-ს ზონაში მდებარე უამრავ საიტზე".

ნაციონალური DNS სისტემის არსებობა გათვალისწინებულია 2019 წელს მიღებული აქტით სუვერენული ინტერნეტის შესახებ. დომენის სახელების ნაციონალურმა სისტემამ, თეორიულად, უნდა დაიცვას რუნეტი გარე საფრთხიგან, კერძდ უმაღლესი დომენების (.RU და .РФ) ჩამორღმევისგან. თუმცა ამ სისტემის მეშვეობით რუსეთის ხელისუფლებას ასევე ექნება შესაძლებლობა, რომ ინტერნეტის რუსული სეგმენტი იზოლაციაში მოაქციოს.

კომენტარები