აშშ

აშშ-ს სენატმა 2024 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის მოცულობაც $886 მილიარდია

კაპიტოლიუმის შენობა ვაშინგტონში
Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 14 დეკემბერს ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის მოცულობაც $886 მილიარდს შეადგენს. კანონპროექტი კონგრესმენებმა ორპარტიული შეთანხმებით მიიღეს - მისი მომხრე 87 იყო, ხოლო მოწინააღმდეგე - 13.

ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ყოველწლიურად პენტაგონისთვის დაფინანსებას გამოყოფს, რათა წლის განმავლობაში ისეთ პრიორიტეტული საკითხები დაფინანსდეს, როგორებიცაა წვრთნა და შეიარაღების შესყიდვა. მიღებული ბიუჯეტით, აშშ-ს სამხედრო პერსონალის ხელფასები 5.2%-ით გაიზრდება. 2024 წლის თავდაცვის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით 3%-ით არის გაზრდილი.

ამასთანავე, 2024 წლის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გახანგრძლივებასაც მოიცავს. კანონპროექტით, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა 2026 წლამდე გაგრძელდება და 2024 წლის ფისკალურ წელში უკრაინისთვის $300 მილიონის რაოდენობის დახმარება გამოიყოფა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბიუჯეტში უკრაინის დახმარების საკითხი არ არის კავშირში იმ $106 მილიარდის კანონპროექტთან, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისა და ისრაელის დახმარებისთვის მოითხოვა.

ახლა ბიუჯეტის კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში წარდგება, სადაც შესაძლოა ზოგიერთი კონგრესმენისგან წინააღმდეგობა შეხვდეს, ვინაიდან მიღებული კანონპროექტი არ მოიცავს რესპუბლიკელი სენატორების მოთხოვნილ დებულებებს ისეთ საკამათო საკითხებზე, როგორებიცაა: აბორტი, ტრანსგენდერების ჯანდაცვა და ჯარში მრავალფეროვნების ინიციატივები.

კომენტარები