აშშ

ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჰენრი კისინჯერი

ამერიკელი დიპლომატი ჰენრი კისინჯერი 29 ნოემბერს 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ცნობა კისინჯერის ოფიციალურ ვებსაიტზე გავრცელდა.

ცივი ომის პერიოდში, კერძოდ, რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციებში, კისინჯერმა დიდი როლი ითამაშა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში. ის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ჩინეთთან ურთიერთობის აღდგენისა და ვიეტნამის ომში გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. ამასთანავე, მისი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დაძაბულობის განტვირთვაში შეტანილი წვლილია.

1969-1975 წლებში იგი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტი ფორდისა და პრეზიდენტი ნიქსონის მრჩეველი იყო, ხოლო 1973-77 წლებში რიგით 56-ე სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეკავა. მომდევნო წლებში მან მნიშვნელოვან თანამდებობებზე ყოფნა გააგრძელა და სიცოცხლის ბოლომდე ამერიკის დიპლომატიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად დარჩა.

1973 წელს, ვიეტნამში სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებებში შეტანილი წვლილისთვის, მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადასცეს. თუმცა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკამათოდ არ ჩაუვლია, რადგან ვიეტნამში ომი კვლავ მიმდინარეობდა და სამშვიდობო შეთანხმებაც მალევე დაირღვა.

კომენტარები