რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიდერლანდებში EU-ს სანქციების დარღვევისთვის რუსეთის მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯეს

REUTERS/Yves Herman/File Photo

ნიდერლანდების სასამართლომ ევროკავშირის მიერ უკრაინის ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევისთვის რუსეთის მოქალაქეს 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, მის კომპანიას კი 200 000 ევროს ჯარიმა დააკისრა.

როტერდამის რაიონული სასამართლოს თქმით, კაცი ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით რუსულ კომპანიებს ორმაგი დანიშნულების საქონელს უგზავნიდა. ამისთვის ის ყალბ ინვოისებსა და პროდუქციის საბოლოო მომხმარებლის შესახებ ცრუ ინფორმაციას იყენებდა. ზოგ შემთხვევაში, ყალბი დოკუმენტების მიხედვით, საქონელი უკრაინაში, არარსებულ კომპანიაშიც კი იგზავნებოდა.

56 წლის მამაკაცი, რომელსაც პროკურორები დმიტრი კ.-ს სახელით მოიხსენიებენ, დაუსწრებლად გაასამართლეს. მამაკაცი გასულ წელს წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ რუსეთში გაიქცა.

სასამართლო გადაწყვეტილებაში წერია, რომ რუსეთის მოქალაქე 6 წლის განმავლობაში ვაჭრობდა მიკროჩიპებითა და სხვა ელექტრონული საქონლით და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობდა.

2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11 პაკეტი მიიღო. სანქციები მოიცავს ვაჭრობის, თავდაცვისა და ფინანსურ სფეროებს, ასევე დაახლოებით 1 800 ადამიანისა და ორგანიზაციისგან შემდგარ შავ სიას.

კომენტარები