alde

"კარვების კანონის" გაუქმება, სანქციების დაცვა, სააკაშვილის მკურნალობა – ALDE-ს რეზოლუცია

სტრატეგია აღმაშენებლის ცნობით21 ოქტომბერს ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE) საქართველოს შესახებ ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული ახალი საგანგებო რეზოლუცია მიიღეს. 

სტრატეგია აღმაშენებლის გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, "ALDE მკაფიოდ აღნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭიროა 12 რეკომენდაციის შესრულება". 

"რეზოლუცია მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევას, დაგმობილია შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილი ანტიდემოკრატიული ცვლილებები, ასევე “ქართული ოცნების” ანტიდასავლური, ანტიამერიკული და ანტიუკრაინული პროპაგანდა და რიტორიკა.

ალდე შეშფოთებას გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო მიზნებით სხვა ქვეყანაში გადაყვანაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება". - ნათქვამია სტრატეგია აღმაშენებლის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ALDE  მმართველ პარტიას შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს:

  • სასწრაფოდ განახორციელონ საჭირო რეფორმები ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის შესასრულებლად;
  • დაიცვან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები;
  • სრულად დაიცვან ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების გადაწყვეტილებები და დეკლარაციები;
  • დაიწყონ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო მიზნებით ქვეყნიდან  გაყვანის პროცედურა;
  • გააუქმონ შეკრებებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში შეტანილი ანტიდემოკრატიული ცვლილებები;
  • შეწყვიტონ ძალადობა ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ;
  • შეწყვიტონ მიმდინარე ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პროპაგანდა.

სტრატეგია აღმაშენებლის ცნობით, აღნიშნულ სამ ქვეყანასთან წინასწარ შეთანხმებული და კოორდინირებული რეზოლუცია სხდომაზე პარტიის წევრმა, სერგო ჩიხლაძემ წარადგინა. 

"ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც 3 ქვეყანა არის რეზოლუციის ინიციატორი და წარმდგენი, რაც ამტკიცებს იმას, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია საქართველო, რეზოლუცია ერთხმად მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებას გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ფაქტობრივად, ბოლო შეხსენება და მოწოდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ და ეს არის ბოლო მაღალი რანგის რეზოლუცია, რომელიც ეხება საქართველოს, ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე. ჩვენი მეგობრებისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებების შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან ისტორიულ მინიმუმზე 31%-ზეა დასული, რაც რა თქმა უნდა არ უწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს". - აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე.

ALDE ევროპული პარტიაა, რომელშიც 44 ევროპული ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის, ჰოლანდიის, ირლანდიის, ლუქსემბურგის, გერმანიის და ესტონეთის ლიბერალური და დემოკრატიული პარტიები ერთიანდებიან. ალიანსი ევროპარლამენტში 71 სადეპუტატო მანდატითაა წარმომდგენილი.

კომენტარები