ბრიტანეთის მუზეუმი

ბრიტანეთის მუზეუმი საზოგადოებას წინა თვეებში დაკარგული ნივთების პოვნაში დახმარებას სთხოვს

Vuk Valcic/SOPA Images/SIPAPRE/AP

ლონდონში მდებარე ​​​​​​ბრიტანეთის მუზეუმის წარმომადგენლებმა საზოგადოებას მათი კოლექციებიდან მოპარული 2 000-მდე არტეფაქტის დაბრუნებაში დახმარების თხოვნით მიმართა.

26 სექტემბერს მუზეუმმა თქვა, რომ მათ გახსნეს სპეციალური ცხელი ხაზი მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ისინი "წარსულში ან ამჟამად შესაძლოა ფლობდნენ" დაკარგული ნივთებს.

მუზეუმის განმარტებით, დაკარგული არტეფაქტების აბსოლუტური უმრავლესობა ბერძნული და რომაული ძვირფასი ქვები და სამკაულებია, მათ შორის ოქროს ბეჭდები და საყურეები. ექსპერტთა რჩევების გათვალისწინებით, ხელოვნების ნიმუშების მყიდველთა ან გადამყიდველთა ინტერესის თავიდან აცილების მიზნით, დაკარგული არტეფაქტების შესახებ დეტალებს არ გააზიარებენ.

ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმმა 60 მოპარული ნივთი დაიბრუნა, ხოლო დამატებით 300 არტეფაქტი უკვე იდენტიფიცირებულია და მუზეუმს მალე გადაეცემა.

მას შემდეგ რაც, აგვისტოში მუზეუმმა დაკარგული ან დაზიანებული ნივთების გამო თანამშრომელი გაათავისუფლა, თანამდებობიდან გადადგა ბრიტანეთის მუზეუმის დირექტორი, ჰარტვიგ ფიშერიც. მან საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად ქურდობასთან გამკლავებისა და გამოძიების ქმედუნარიანობის სისუსტე დაასახელა.

ჰარტვიგ ფიშერმა, რომელიც მუზეუმს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა, გადადგომისას თქვა, რომ მუზეუმს უფრო სწრაფი რეაგირება უნდა ჰქონოდა მიღებულ გაფრთხილებებზე, იმის შესახებ რომ მათი ერთ-ერთი თანამშრომელი შესაძლოა საკოლექციო ნივთების მოპარვითა და გაყიდვით ყოფილიყო დაკავებული.

ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის მიერ მოპარული ნივთების გამოძიება გრძელდება. პარალელურად მოპარული ნივთების ამოცნობისა და რეგისტრირების მიზნით კონტროლდება ხელოვნების ბაზარი, მათ შორის ონლაინ საბაზრო აქტივობები.

კომენტარები